„ხელისუფლება ამბობს, რომ ოპტიმიზაციას იმისთვის აკეთებენ, რომ ხარჯები შეამცირონ და ეფექტურობა გაზარდონ. მე ვსვამ კითხვას: აქამდე არაეფექტური თუ იყო მათი მუშაობა, რას უყურებდნენ?“-ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სადაც ექსპერტი საუბრობს თემებზე, თუ როდისთვის უნდა ველოდოთ სოციალურ აფეთქებას, ვინ ჩაუდგება საპროტესტო აქციებს სათავეში და რატომ აყენებენ მინისტრები საჯარო მოხელეებს შეურაცხყოფას?
„თუ აქამდე იმაზე მეტი ადამიანი ჰყავდათ, რაც სისტემის ეფექტურ მუშაობას სჭირდება, მაშინ ვსვამ კითხვას: აქამდეც თავად არ იყვნენ მინისტრები? რატომ ჰყავდათ ზედმეტი ხალხი?!
ეფექტური თუ იყო ეს ყველაფერი, მაშინ ჩნდება კითხვა _ ამ ხალხის გაშვება ხომ არ დააზიანებს სისტემის ეფექტურ მართვას? პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი და ეს კამპანიურ სახეს ტოვებს. თუ მაინცდამაინც ხარჯების შემცირება უნდათ, ეს ადამიანური რესურსის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ბევრი სახის ხარჯებია სამინისტროებში და ის შეამცირონ. საზღვარგარეთ 40-კაციანი დელეგაციები რომ მიდიან, აქეთ-იქით დაწოწიალობენ, რამე შედეგი მოაქვთ? ეს ხარჯები შეამცირონ. დელეგაციების ვიზიტი 5 კაცის მთელი წლის ხელფასია.
სოციალურ ასპექტს რაც შეეხება, აქ ძალიან მძიმედ არის საქმე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარდა იმისა, რომ ისინი დალხენილად არ ცხოვრობდნენ, მათ კრედიტებიც აქვთ. ეს ხალხი სამსახურიდან ნულით კი არა, მინუსებით მიდის. ეს არის ძალიან მწვავე სოციალური პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას წინ ძალიან ცუდად დახვდება.
ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ საჯარო მოხელეებს მიუღებელი სახით ათავისუფლებენ სამსახურებიდან“.-აღნიშნავს გია ხუხაშვილი გაზეთთან.
მისივე თქმით, სოციალური ფონი ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს:
„აქციები უფრო პოლიტიკური ვითარებაა. ქვეყანაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საუბრის სურვილიც კი არა მაქვს. ფაქტია, ჩვენ დღეს ძალიან ბევრი რისკი გვაქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხალხი გაღარიბდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ საშუალო ფენად ითვლებოდა. მათი სახით ძალიან დიდი დაძაბულობის კერა იქმნება.
ხელისუფლება ძალიან სწრაფად მიიწევს თვითიზოლაციისკენ. ქმნიან ძალიან ბევრ სახიფათო და აგრესიულ კერას, რაც მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მთავრობა საზოგადოებაში მოკავშირეებს აღარ იტოვებს, ადამიანურ ენაზე არავის არ ელაპარაკებიან. არადა, იმ დროს, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარებაა, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეძებდეს მოკავშირეებს. ამის ნაცვლად ადამიანური სახე სულ დაკარგეს და ისიც კი არ იციან, რას ლაპარაკობენ“.
გია ხუხაშვილის განმარტებით, სოციალური ფონით გამოწვეული დაძაბულობა რევოლუციაში ყოველ წამს შეიძლება გადაიზარდოს:
„რევოლუცია პოლიტიკური პროცესია, რომელსაც პოლიტიკური ლიდერი სჭირდება. ასეთი ლიდერი ჯერჯერობით თითქოს არ ჩანს. შესაბამისად, არსებული ვითარების მიმართ პროტესტი სამზარეულოდან არ გადის. სამზარეულოდან ის, შესაძლოა, ნებისმიერ წამს გამოვიდეს, მაგრამ მას ლოკალური სახე ექნება. თავიდან არსებულ ვითარებას პატარ-პატარა ჯგუფები გააპროტესტებენ, მერე აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ყველაფრის კონსოლიდაციას მოახდენს.
ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს პარტია დაზიანებული ბრენდია, თან შიგნითაც აქვთ პრობლემები. რომც დალაგდნენ, ისეთი ცუდი წარსული აქვთ, საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას ვერ მოახდენენ. მათ ნაცვლად ვიღაც სხვა მოახდენს ერის კონსოლიდირებას.
პოლიტიკურ ბაზარზე პროცესების ასე განვითარების მოთხოვნილება არსებობს. ბაზრის პრინციპი ასეთია: როცა მოთხოვნილება არსებობს, მიწოდებაც ჩნდება. ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება. თებერვალ-მარტში გვექნება სოციალური კრიზისის პიკი. გამიჭირდება იმის თქმა, გადაიზრდება თუ არა ეს პოლიტიკურ კრიზისში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა ხალხის კონსოლიდაცია“-აცხადებს გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“.