„მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.
”2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამადე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, სტატისტიკა ყბადაღებულ თემად იქცა, თითქოს სამინისტრო მალავს რამეს.
”სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.