ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

„იარაღი მომაბჯინა…ჟურნალისტი რომ გაიგეს, დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს“: ჟურნალისტი პოლიციელებს ამხელს

ტელეკომპანია “იბერიას” წამყვანი და ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელებს  ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, შემთხვევა სასტუმრო “ბორჯომი კროუნ პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

როგორც ტელეწამყვანი აცხადებს, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

ჟურნალისტს საავადმყოფოში პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. მას ბორჯომის პოლიციაში გიორგი გასვიანს ორ საათზე მეტია კითხავენ.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა.

„ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა, სამნი გადმოვიდნენ, ეს იყო პოლიციელი. მეგონა, რომ სამივე პოლიციელი იყო, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ორი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერ. სიტყვიერი შეურაცხყოფები საშინელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი. ვერც გავაპროტესტე. რომ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მივდივარ სასტუმროს ვეძებ, მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავ და დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს. გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, სახეში, ძალიან მცემეს,“ – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

მომხდარ ინციდენტზე შსს-ს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. „მეტრონომი“ ცდილობს შესაბამის დეპარტამენტთან დაკავშირებას და მათთან კონტაქტის შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ შსს-ს პოზიციას.

 

იტვირთბა....