დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
სამინისტროს ინფორმაციით, 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ”ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.
უწების ცნობით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღება მიულოცა.
”სასიხარულო დღეა 400 დევნილი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, ამ ოჯახებს საკუთარი ბინა ექნებათ. დროებითი თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დაბრუნება ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩვენს საკუთარ სახლებში, მაგრამ მანამდე, ყველა დევნილს უნდა ქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლება“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.