ქალაქში ტაქსების კომპანიებზე ბევრს საუბრობენ. რუსული Yandex ტაქსი როგორ შემოვიდა თბილისში ყველას ახსოვს. აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი რუკაზე რუსეთის შემადგენლობაში იყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა, Yandex-მა რუკა შეცვალა და თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა. დღეს რუსული კომპანია ტაქსების ბაზარზე დემპინგურ პოლიტიკას აწარმოებს და ქართულ კომპანიებს ძირავს. პირადად ჩემთან ბევრმა კომპანიამ დაიჩივლა, რომ გაკოტრების პირას არიან. თავად Yandex-ი დღეში მილიონ ლარს ხარჯავს, იაფად დაჰყავს კლიენტები და ტაქსის თითოეულ მძღოლს ყოველ გამოძახებაზე 3-4 ლარს უხდის. ასეთ ვითარებაში მძღოლები ტოვებენ ძველ კომპანიებს და Yandex-ში გადადიან. ეს კი ავტომატურად იწვევს ტაქსების სხვა კომპანიების გაკოტრებას. დღეში რომ Yandex-ი მილიონს ხარჯავს კომპანიასთან დაახლოებულმა პერსონებმა მომიყვნენ, თუმცა უბრალო დაანგარიშებაც კმარა, რომ ეს ციფრი მივიღოთ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე Yandex-ი ათი ათასობით ტაქსს ამუშავებს.
ერთი შეხედვით, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეთათვის საგანგაშო არაფერი ხდება. შემოვიდა კომპანია, რომელიც ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. თუმცა, რა ფორმებით ხდება ამის კეთება, სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს და ეს გასაკვირი არცაა, რადგან დღეში მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ხორციელდება, არ უნდა იყოს მთავრობისთვის მიუღებელი, მითუმეტეს, როცა ეკონომიკა კრიზისშია და პრემიერის შეცვლაზეც კი მიდის საუბრები. ამ ბლოგის იდეა ნამდვილად არ არის რუსული კომპანიის სტრატეგიის, ან ბიზნეს-ტაქტიკის გაკრიტიკება. მე მინდა მცირე აფიორაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ერთმა ტაქსის მძღოლმა მომიყვა და მერე რამდენიმემ დამიდასტურა.
მოვიტან ერთ მაგალითს, რომ მკითხველმა ზუსტად გაიგოს რა აფიორაზეა საუბარი. ჩავატაროთ მცირე გამოკვლევა. მაგალითად, Yandex ტაქსის აპლიკაციაში, გამოძახების პროცესში, ბახტრიონის ქუჩიდან მეტრო „დელისამდე“ ტარიფი 60 თეთრი ფიქსირდება. ანუ ბახტრიონის ქუჩიდან მეტრო „დელისამდე“ თუ ტაქსს გამოიძახებთ, 60 თეთრად იმგზავრებთ. ასეთი დაბალი ტარიფი აწყობს კლიენტს, მაგრამ არ აწყობს ტაქსის მძღოლს. ამიტომ რუსული კომპანია ყოველ გამოძახებაზე მძღოლს უხდის 3.5 ლარს. მაგალითად იმავე ბახტრიონის ქუჩიდან დიდ დიღმამდე Yandex ტაქსის ტარიფი არის 4.4 ლარი, მძღოლის დანამატი 3.5 ლარი, რითაც ჯამში, კმაყოფილი რჩება კლიენტიც და მძღოლიც. კლიენტი გადადის მთლიანად Yandex ტაქსის მომსახურებაზე და ტაქსის მძღოლები გადადიან ამ კომპანიაში სამუშაოდ. როგორც აღვნიშნე, კომპანია, ამ პროცესის განსახორციელებლად, ყოველდღიურად ხარჯავს მილიონ ლარს.
ქართველი ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატივით. ამიტომ ქართველი მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა მოიფიქრა ფულის იოლად კეთების მეთოდი. წარმოიდგინეთ, Yandex ტაქსის მძღოლი თხოვს თავის მეგობარს, რომელიც სადღაც იქვე ახლოს მუშაობს, ან ცხოვრობს სადაც მძღოლის მანქანა დგას, გამოიძახოს Yandex ტაქსი და წასვლა ისურვოს მაგალითად ვაკეში, გამოძახება ფიქსირდება, ტაქსის მძღოლი მიდის ვაკეში ისე, რომ შესაძლოა კლიენტი (ამ შემთხვევაში მეგობარი) არც კი უზის მანქანაში და მძღოლი გარანტირებულად აკეთებს 3.5 ლარს. წარმოიდგინეთ, ასეთი გამოძახება დღეში 10-ჯერ ნიშნავს იმას, რომ 35 ლარი გაკეთებულია. ეჭვი მაქვს, ამ აფიორის შესახებ Yandex ტაქსის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის, მაგრამ რატომ ხუჭავს თვალს, არ უნდა იყოს რთული გასაგები.
ამასობაში, ასეთი აფიორის ფონზე, ადგილობრივი ტაქსების კომპანიები ნელ-ნელა კოტრდებიან. ბაზარზე კი Yandex-ს ლუკმა ყოველდღიურად უმსუყდება და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ის ბაზრის 95 პროცენტს აითვისებს, ჩვეულებრივად გაზრდის ტარიფს, მოუხსნის მძღოლებს 3.5-ლარიან ბონუსს დღეში დახარჯული მილიონის ამოსაღებად და ეგ არის… მიზანი მიღწეულია.
„აუტსაიდერის“ სიმღერა გამახსენდა, რობო რომ მღერის: „მე შენს დაგებულ მახეს ვამჩნევ და მაინც არ გარიდებ თავს, ვერც გისწორებ თვალს“…
ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, ჩვენ ხო ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეები ვართ, ხელისუფლებამ პირში წყალი უნდა ჩაიგუბოს მილიონიანი ინვესტიციის სიხარბით… რაც მთვარია, Yandex-ის რუკაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ხომ აღარაა და ჩვენც ბედნიერები ვართ… მკითხველმა თავად განსაჯოს, გამოიტანოს დასკვნა, ბოროტად შემოსული და შემდეგში გაკეთილშობილებული ასეთი კომპანიები, რომლებიც აფიორაზე თვალს ხუჭავენ და საკენკს უყრიან საქართველოს მოქალაქეებს, ააშენებენ ქვეყანას?!
გენო ჯოხიძე