საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია, მახათას მთაზე ახორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.
ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა გიორგი თავაძეს. მოხდა ფონდის რეორგანიზაცია და გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან.
გარდა ამისა, 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12.00 საათზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.