პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქზე ეხმაურება:
“პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს:
1 – საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ მიღებულ ცვლილებებს ლეგიტიმურობის დეფიციტი შეექმნას;
2 – ფაქტობრივად, ჩამოაყალიბოს წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც თავს მოიყრიან არსებული ხელისუფლებით; საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით უკმაყოფილო პოლიტიკოსები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; არჩევნების შემდეგ მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე მარგველაშვილის ვერტიკლაზე ამ თემის გარშემო აიკინძებიან პოლიტიკურ მიწისძვრას გადარჩენილი ან რეინკარნაციის მოსურნე პოლიტიკოსები, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და ახალგაზრდები, რომლის თავმოყრასაც ახლა აქტიურად ცდილობენ სწორედ პრეზიდენტის ორბიტაზე; დიდი ალბათობით, მათ პოზიციას გაიზიარებს საპარლამენტო ოპოზიციაც “ნაციონალური მოძრაობის” ან მისი ნაწილის სახით. ესეც თქვენ ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი.
3 – “მარგველაშვილის პლატფორმა” შეეცდება საერთო, სახალხო განხლივის თემად აქციოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში შემუშავებული ცვლილებების არალეგიტიმურობის საკითხი, რაც ფაქტობრივად, მათ განცხადებაში ირიბად დაანონსდა კიდეც;
4 – საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მიმდინარე ვნებები, ერთგვარად, მედიაში მიმდინარე პროცესების კატალოზატორიც გახდება, რადგან დიდი ალბათობით მედიაც ფლანგებზე გადალაგდება ამ საკითხის გარშემო;
5 – საინტერესოა, საით წავა და რა პოზიცია ექნება დღეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ ერთადერთ მსხვილწონიან ფიგურას დავით უსუფაშვილს;
6 – საკონსტიტუციო უმრავლესობით ბედნიერი ხელისუფლება ალბათ მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევაა მისთვის ეს ახალი წინააღმდეგობის პლატფორმა. რამდენად სერიოზულად შეაფასებს ხელისუფლება ამ გამოწვევას, ამას ნათლად გვაჩვენებს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ანუ ვის შეიყვანენ დამოუკიდებელი ექსპერტებიდან, კონსტიტუციონალისტებიდან და არასამთავრობო სექტორიდან კომისიაში ანუ რამდენად ჩათვლიან საჭიროდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროცესში საზოგადოებრივად აქტიური სახეების ჩართულობას და მხარდაჭერას” – წერს ლაგაზიძე.