ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

სტამბოლში, საფეხბურთო სტადიონ „ბეშიქთაშთან“ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

38 დაღუპულიდან 30 პოლიციელია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დარჩენილი რვა მსხვერპლიდან 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო დარჩენილი ერთი მოქალაქის ვინაობას ადგენენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ აღნიშნულ აფეთქებებთან დაკავშირებით დაკავებულია 13 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს  სტამბოლში, საფეხბურთო სტადიონ „ბეშიქთაშთან“ ორი აფეთქება მოხდა. ამჟამად ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია მინიმუმ 38 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 166. აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

როგორც BBC იუწყება, სტადიონთან ორი აფეთქება მოხდა – პირველი აფეთქება დანაღმულმა ავტომობილმა გამოიწვია, ხოლო მეორე – თვითმკვლელმა ტერორისტმა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, აღნიშნული აფეთქებების მიზანი პოლიციის ოფიცრები იყვნენ.

იტვირთბა....