საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 დეკემბერს წმინდა ასურელი მამის, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
აბიბოს ნეკრესელი ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა. ნეკრესელი თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ იოანე ზედაზნელის კურთხევით, ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა, სადაც ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.
წმიდანის მღვდელმთავრობა საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანაში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. აბიბოს ნეკრესელი დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, მოსახლეობას ქრისტიანობას უქადაგებდა და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ როცა მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, მათ წინაღმდეგ მკაცრად გაილაშქრა, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო.
მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ სპარსელები განარისხა. მათ შეიპყრეს აბიბოსი, სასტიკად ცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. სპარსეთის მარზპანმა აბიბოსი თავისთან დაიბარა და მისი წამება ბრძანა. ნეტარი აბიბოსი ჯალათებმა “ქვით განტვინეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა”. ცხედარი უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეკრძალათ. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში დიდი პატივით დაასაფლავეს.
წმიდა მღვდელმოწამის აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი ნაწილები მცხეთის სამთავროს მონასტერში, წმიდა ტრაპეზის ქვეშაა დაკრძალული.

