გერმანიაში, ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში 38 წლის ქართველი ქალბატონი გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, მას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თევზის ფხა გადაეყლაპა, რომელიც ფილტვზე დაილექა. ის ჰანოვერის კლინიკაში ექიმთან მივიდა. გარდაცვლილის და სიკვდილის მიზეზად გერმანელი ექიმების შეცდომას და დაუდევრობას ასახელებს.
„საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის“, – ეს მესიჯი 38 წლის ქალბატონმა დას, ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მისწერა.
ამავე შეტყობინებაში, ის ამბობდა, რომ მას საოპერაციოდ ამზადებდნენ. ჰანოვერის კლინიკაში მისთვის გულზე სტენტირების ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.
„ჰანოვერში გადამიყვანეს საავადმყოფოში. გუშინ საყლაპავი მილი დამიზიანდა. გასტროსკოპიის დროს ორგან გაიხვრიტა. ერთი პირდაპირ გულთან არის. ახლა გამიკეთებენ ოპერაციას. სტენტს ჩავდგამთო“, – წერდა იგი მის დას.
38 წლის ქართველს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეუღლე და ორი შვილი – 12 და 2 წლის გოგონები დარჩა. ის დღეს გერმანიაში დაკრძალეს.
გარდაცვლილი ქალბატონი, წარმოშობით, გორის რაიონის სოფელ ახალხიზიდანაა. როგორც გორის რაიონის სოფელ სკრის რწმუნებულმა ილია ოქროშიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ოჯახით საქართველოდან უკვე რამდენიმე წელია წასულია და მეორე შვილი გერმანიაში შეეძინა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იგი უკვე მეორე გარდაცვლილია მათი სოფლიდან. ოქროშიაშვილის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ გერმანიიდან კიდევ ერთი ქართველი, 26 წლის ზვიად ბალიაშვილი ჩამოასვენეს.
„კვირას“ ინფორმაციით, ბალიაშვილი გერმანიაში წელიწადნახევრის წინ წავიდა და მას ოჯახის წევრებთან ბოლო სამი თვის განმავლობაში კავშირი არ ჰქონია. სამთვიანი ძებნის შემდეგ, გერმანელმა სამართალდამცავებმა 26 წლის ზვიად ბალიაშვილის ცხედარი იპოვეს. საქართველოს მოქალაქის ცხედარი საქართველოში ხელისუფლების დახმარებით ჩამოასვენეს.
kvira.ge
იზა შაქარაშვილი