“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, შესაბამისად, არსებული ნორმები ადგენენ სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომელიც დაინტერესებულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე.
IDFI-ის ცნობით, გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს. სადავო რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ, ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი.
IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვის არსებული წესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან:
სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სადავო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული.
გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელია მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდება ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
სადავო ნორმები არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.
ორგანიზაცია ითხოვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოქმედი რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი.