ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაფიქრდით მინისტრო, პედაგოგები ბევრ რამეზე ჩუმდებიან, რომ სამუშაო არ დაკარგონ”: ღია წერილი მინისტრს მშობლისგან

მედიაში ვრცელდება ჟურნალისტ ქეთი მიქაძის ღია წერილი, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრის სახელზეა დაწერილი. გთავაზობთ ამ წერილს:

ბატონო ალექსანდრე, თავიდანვე გეტყვით, რომ ამ წერილს ვწერ არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მშობელი. აი, უკვე რამდენი ხანია საზოგადოება, მედია, ფეისბუქი თქვენს გამოსვლებს და იდეებს არჩევს. ნამდვილად არ დავხარჯავ არც თქვენს, არც ჩემს და არც საზოგადოების დროს იმ ზღაპრებზე, რომლემზეც უკვე ათასჯერ მოვისმინეთ.

– „ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია, ახალი რწყილი, ახალი ჭიანჭველა, რომლებიც კი არ ართმევენ ვინმეს რამეს, არამედ პატიოსანი შრომითაკეთებენ. ეს გვჭირდება! არც კომბლეს საწინააღმდეგო მაქვს არც ნაცარქექიის,ოღონდ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვიხელმძღვანელოთ 21-ესაუკუნის ეროვნული ფასეულობებით“-ეს თქვენი სიტყვებია, მე კი, როგორც მშობელი სხვა რამეს ვხედავ!..

ბატონო მინისტრო, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სხვანაირი საბავშვო ბაღი, სხვანაირი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. რადგან პირადად მე უფრო სკოლასთან მაქვს შეხება, სწორედ სკოლაზე გავამახვილებ ყურადღებას.

– ჩვენ გვჭირდება ახალი სასწავლო პროგრამა და დალაგებული, თანმიმდევრული წიგნები, თან კარგი ხარისხის. ყველა დედა ნერვიულობს შვილის ჯანმრთელობაზე, თქვენც აღნიშნეთ, რომ მომავალი წლიდან სასკოლო ჩანთის მასა შემცირდებაო, ვითომ? როგორ? მაგალითს მოგიყვანთ – მასწავლებლებს არ მოსწონთ ის წიგნები, რომლითან დღეს სწავლება მიმდინარეობს და სხვა ავტორებს და წიგნებს ირჩევენ. დამატებით მშობელი ყიდულობს 2-3 ზოგჯერ კი 4 წიგნსაც და ეს 4-ვე წიგნი ბავშვებს დააქვთ სკოლაში, მხოლოდ ერთ საგანში 4 წიგნი, ამას დაუმატეთ სხვა წიგნებიც, წარმოგიდგენიათ რა სიმძიმის ხდება ჩანთა? თუ მასწავლებელს არ მოსწონს ის სახელმძღვანელო, რატომ არ აქვს უფლება აირჩიოს ის წიგნი, რომელიც მოსწონს? თქვენ მეტყვით – არავინ უზღუდავს ამ უფლებასო, კანონით კი, მაგრამ….  სწორედ ამ მაგრამშია საქმე – დამიჯერეთ, ისე არ ვწერ, ბევრ პედაგოგს ვესაუბრე და პირად საუბარში ამბობენ, რომ არ არის ეს კარგი წიგნები, მაგრამ „ზევით“ ასე სურთ! ვინ არის ეს ზევით – ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია – პედაგოგები ბევრ რამეზე ჩუმდებიან იმიტომ, რომ სამუშაო ადგილი და ხელფასი არ დაკარგონ. გულახდილად მითხარით, თქვენ მოგწონთ ის წიგნები, რომლითაც ბავშვები სწავლობენ?  მისცემს მათ რაიმე საგნის საფუძვლიან ცოდნას? ისტორიის წიგნში რომ გაკვეთილები უმეტესად სურათებით და წყაროებით იქნება, რომელიც დამატებით ბავშვმა ინტერნეტში უნდა მოიძიოს, ის ამ ისტორიის სწავლას გულს დაუდებს? სურათზე არაფერი ჩანს, რა გაარჩიოს ბავშვმა? ინტერნეტთან წვდომა კი ყველას არ აქვს! დიახ, არიან ბავშვები, რომელთაც დედა მატყუარა სუპს და პურს ახვედრებს, რა ქნან ამ მოსწავლეებმა? სად „დაგუგლონ“?!. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე, აი, აქ არის ცვლილება საჭირო, თქვენ თუ ახალ კომბლეზე ოცნებობთ, მე, როგორც დედა ახალ სასწავლო პროგრამაზე და სწავლების ახალ მეთოდზე ვოცნებობ, იფიქრეთ ამაზე, ბატონო მინისტრო!

-თქვენ  „21-ე საუკუნის ეროვნულ ფასეულობებზე“ საუბრობთ და ამის მიღწევას ნაცარქექიას ცვლილებით ცდილობთ, მე კი იმაზე ვოცნენონ, სკოლში მისულმა ბავშვმა ეს ეროვნული ფასეულობები სულ არ დაკარგოს, უსამართლობის გრძნობა არ გაუჩნდეს, პედაგოგთან გაკვეთილზე შესული მეორე „დაქალი“ პედაგოგის ჭორიკნობა არ მოისმინოს და „გასაჭორი“ პედაგოგი თავად არ გაარჩიოს მერე კლასელებთან. მე იმაზე ვოცნებობ, სკოლაში მისულ მოსწავლეს „კევიღეჭია“ მასწავლებელი არ დახვდეს გაურკვეველი წარწერიანი მაისურით და მთელი დღე ის არ გუგლონ, რა აწერიაო… მე იმაზე ვოცნებობ, პედაგოგმა ჩვენს შვილებს რაღაც უცნაური წერილები არ აწერინოს – ვინ რა მოიპარა და როდის რა დაიკარგა კლასში, არამედ მინდა ის აუხსნას, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და ერთი ხელის მოსმით სხვაზე რაიმეს დაბრალება არ შეიძლება, მინდა პედაგოგი ბავშვებს ესაუბრებოდეს და მათთვის დრო ჰქონდეს, რაც სამწუხაროდ არ აქვთ, რადგან უამრავი ცხრილები და ჟურნალები აქვთ შესავსები. მინდა მანდატურთან მისული ბავშვი „ჩამშვებად“ არ „მონათლონ“ და მანდატურიც „ჟანდარმის“ როლს კი არ ირგებდეს, არამედ მიახლოებული მაინც იყოს „რეკლამის პერსონაჟთან“. აქაც ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ… აბა, ამ თემაზეც იფიქრეთ, ბატონო მინისტრო!

-თქვენ საზეპიროებზე ამბობდით – აი, აქ გეთანხმებით – საზეპირო იცოდეს ბავშვმა და ის არ იცოდეს, ვიზე ყვება, ეს ძალიან ცუდია! გრიგოლ ხანძთელის საზეპიროში 10 ქულა მიიღოს და თავად ხანძთელი, ან შუშანიკი არ იცოდეს, ეს ცუდია. მე, როგორც დედას, მირჩევნია ჩემმა შვილმა თავისი სიტყვებით მოყვეს ყველა გაკვეთილი, ვიდრე წერტილ – მძიმე იზეპიროს და თუ ერთი დაავიწყდება, მერე ვერ გააგრძელოს…. რომელ საზეპიროებზე და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობთ, როცა მუსიკის მასწავლებელი ნოტების და მუსლიტერატურის ნაცვლად ბავშვებს თოჯინების კეთებას ავალებს, რაც წესით ხელოვნების მასწავლებლის დავალება უნდა იყოს და ესეც არაფერი, მერე 10-15 ბავშვს მხოლოდ იმიტომ დაუწერს 2 ქულას, რომ თოჯინა არ ჰქონდათ გაკეთებული, მერე რა, რომ ნოტებიც იციან და თეორიაც… ან კიდევ, როცა სპორტის ოსტატს, ჩემპიონ ბავშვს სკოლა სპორტში სექტერნს დაუნიშნავს და ჩემპიონატზე წასვლაში ხელს შეუშლის (გახსოვთ ყველას ეს ამბავი), რა ფასეულობებზე ვსაუბრობთ?

-იცით კიდევ რაზე ვოცნებობ? – სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვმა უამრავი საყვედური არ თქვას სკოლაზე, იმაზე ვოცნებობ, რომ მოსწავლეების საუბრის გაგონებისას არ მოვისმინო – ნეტა ამ მასწავლებელს მოგვაცილებდნენო… იქნებ პირველ რიგში ტესტი ბავშვების სიყვარულში ჩაგეტარებინათ? თუ პედაგოგს ბავშვი არ უყვარს და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ შეუძლია, აძალებს ვინმე სკოლაში მუშაობას?

-„ჩვენ გვჭირდება ახალი პერსონაჟები, რომლებიც კი არ ართმევენ ვინმეს რამეს,არამედ პატიოსანი შრომით აკეთებენ“ესეც თქვენი სიტყვებია, ბატონო მინისტრო, მაგრამ აბა ნახეთ აქ ჩვენ რა გვჭირდება – ძალიან მოკლედ გეტყვით – გვჭირდება ფულის შეგროვების მანკიერი პრაქტიკის მოშლა! ზოგ მშობელს 3-4 შვილი ჰყავს, რა ქნან იმ ადამიანებმა?

რამდენი რამ არის სათქმელი…. მაგრამ ალბათ სხვა მშობლებიც შემომეშველებიან და თავიანთ აზრს თამამად გამოთქვამენ, რადგან საქმე ყველას შვილებს ეხება, რადგან სწორედ სკოლაში ყალიბდებიან ისინი მოქალაქეებად და სწორედ ამ ასაკში უნდათ ყველაფრის ფაქიზად მიწოდება, უნდათ ურთიერთობა არა წაქეზება, სკოლამ ბავშვს არ უნდა დაუკარგოს სამართლიანობის გრძნობა, არ უნდა ჩაუკლას ენთუზიაზმი, უნდა ასწავლოს ურთიერთობა, ერთმანეთის და უფროსის პატივისცემა….

აი, ეს მინდოდა დღეს მეთქვა თქვენთვის, ისე კი, თუ უფრო ღრმად დაინტერესდებით თავადაც შეგიძლიათ უფრო მეტი ნახოთ და გაიგოთ – პირველ რიგში რა სჭირდებათ ჩვენ ბავშვებს და რაზე ვიოცნებოთ. დაფიქრდით ამაზე, ბატონო მინისტრო!

gnn.ge

იტვირთბა....