მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 2012 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.
გამსახურდია სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ამავე საქმეზე მსჯავრდებული იყო გიორგი ბებუაც.
გამსახურდია პროკურატურაში დღეს ადვოკატთან ერთად მივიდა.
“არ მაქვს ინფორმაცია, ჰაერზე ვერ ვისაუბრებ. როცა მექნება ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ ვისაუბრებ” – განაცხადა გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
ახალი გამოძიებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად. დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ წინასწარ დადგმული სცენარით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, როდესაც მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა. აღნიშნულისთვის ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაციას, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას.
კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება, არის შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბებუა, რომელიც კუდის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დააკავეს ქრთამის აღების ცრუ ბრალდებით. კერძოდ, 2010 წლის 25 ოქტომბერს, ღამის საათებში გიორგი ბებუა დაიბარეს კუდის უფროსთან დათა ახალაიასთან, სადაც მის მიმართ რამდენიმე საათის განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა კუდის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ თითქოს იგი საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კერძო კომპანიის მფარველობის სანაცვლოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულად გასამრჯელოს.
საბოლოო ჯამში, სამუდამო პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. გიორგი ბებუამ საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ 2012 წელს, პრეზიდენტის შეწყალების აქტით დატოვა.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება.”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.