ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმე: ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადდა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილია, რომელიც სხდომაზე არ გამოცხადდა. მის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ წერილში ნათქვამია, რომ მან უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე და ის სრულად ენდობა მის ადვოკატ თამაზ კვახაძეს.

ადვოკატისთვის კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღნიშნული გადაწყვეტილება უცნობი აღმოჩნდა. როგორც მან მოსამართლეს განუცხადა, ის გიორგი ხაბელაშვილს გუშინ შეხვდა, ამ თემაზე კი მას არაფერი უთქვამს. ადვოკატმა სასამართლოზე დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, რათა დეტალები მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გაერკვია, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფოლა.

დღევანდელი წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებათა დასაშვებობას შეეხებოდა.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გიორგი ხაბელაშვილის მიმართ ქურდობის მუხლით წაყენებული ბრალდება არასწორია, თუმცა მოსამართლემ მას განუმარტა, რომ  წაყენებული ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა მისი კომპეტენცია არ არის.

სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, ხოლო დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულის მიერ მოწმის სახით და ასევე ბრალდებულის სახით მიცემული ჩვენებები დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი, რადგან ის წამების შედეგად იყო მოპოვებული, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროცესზე იმყოფებოდა მოკლული ქალბატონის დედა, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გიორგი ხაბელაშვილმა მას შვილი და შვილიშვილი მოუკლა, ის კი პროცესზე არ გამოცხადდა.

”არ გამოცხადდა, მასეა არგამოცხადება? გამინადგურა ყველაფერი” – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

პროცესი 28 ნოემბერს გადაიდო, მოსამართლის თქმით, ბრალდებულს კიდევ ერთხელ უნდა განემარტოს ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვის შესახებ. რადგან დღეს ის სხდომაზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად აღნიშნულის შესახებ პირადად ვერ განუმარტეს. მომავალ სხდომაზე საქმის არსებით განხილვაზე გადაცემის საკითხი გადაწყდება.

ცნობისათვის, ფონიჭალაში მომხდარი ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის – მარიამ მამფორიას მკვლელობა გახსნილია.

როგორც მოკლულის მეუღლე ოთარ მამფორია აცხადებს, გიორგი ხაბელაშვილი, ოჯახის ახლობელი იყო. მისივე თქმით, ხაბელაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სახლში ფული ინახებოდა.

გამოძიების მიხედვით, გიორგი ხაბელაშვილმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით – მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

ნინი ცხადაია

იტვირთბა....