თბილისისთვის განკუთვნილი, გერმანული კომპანია Man-ის მიერ აწყობილი 133 ლურჯი ავტობუსი დედაქალაქში 2017 წლის მარტის ბოლომდე ეტაპობრივად შემოვა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ავტობუსში შესაძლებელია ჩვილი ბავშვის ეტლის შეტანაც და დაცულია მგზავრთა უსაფრთხოების ყველა ნორმა. მგზავრობის ბილეთის აღების წესი უცვლელი რჩება.
მერიაში აცხადებენ, რომ 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები, ძირითადად, თბილისის ფართო ქუჩებისა და გრძელი მარშრუტებისთვის არის განკუთვნილი.
თბილისში სულ 143 ახალი ლურჯი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მათგან 10 დედაქალაქის ქუჩებში უკვე მოძრაობს N 61 მარშრუტზე, კერძოდ, ბაგებიდან, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე.
ავტოპარკის განახლების პროექტს თბილისის მერია EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.