“საერთაშორისო გამჭვირავალობა-საქართველოს” კვლევის თანახმად ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. თუმცა ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით (როდესაც კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევა გამოქვეყნდა), როცა ის 4%-ს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით, ქრთამის მაჩვენებელი სფეროების მიხედვით ასე ნაწილდება:
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, აქვთ თუ არა მდიდრებს გადამეტებული გავლენა მთავრობაზე. მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და რომ ამგვარი ქცევის პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება. მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია.
ასევე საყურადღებოა მოსახლეობის განწყობა ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სოციალურად მისაღებია კორუფციის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება, 29% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რაც ასევე დამაფიქრებელი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ამგვარი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე.
ორგანიზაცია სახელმწიფოს რეკომენდაციებითაც მიმართვას:
“ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა, რათა მოქალაქეებს უკეთ შეეძლოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში), რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღამსასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას, ასევე მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან დათხოვნის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შექმნას.
მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება
მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება
საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს”.