ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ იყო ზუგდიდში ნაპოვნი 16 წლის გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა ადრეც სცადა

“16 წლის გოგონამ, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, თვითმკვლელობა ერთი თვის წინაც სცადა, თუმცა მაშინ ის გადაარჩინეს”. – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “კვირა” თვითმხილველზე დაყრდნობით.
არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი იყო და ზუგდიდში ე.წ. „ბარაკებში“ ცხოვრობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 16 წლის მ.მ-ს ცხედარი გამვლელმა შემთხვევით აღმოაჩინა.
„გოგონას ჯინსის შარვალი ეცვა. ხეზე კიმონოს ქამრით იყო ჩამოკიდებული. მოკლე, წაბლისფერი თმა ჰქონდა. ერთი ხელი ქამრის ყულფზე ჩამოკიდებული დარჩენოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გოგონამ ბოლოს თითქოს თვითმკვლელობა გადაიფიქრა და ხელით ცდილობდა თავის გადარჩენას. საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი… თითქოს ფეხზე იდგა. ქურთუკი არ ეცვა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ბოტანიკური ბაღის მცველი.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ნაცნობებიც იმყოფებოდნენ.
„ბაღში გოგონას ნაცნობებიც იყვნენ. ერთ-ერთმა თქვა, ერთი თვის წინაც ცდილობდა თვითმკვლელობას და მაშინ გადავარჩინეთო. საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი“, – ამბობს მცველი.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა რომ არასრულწლოვანი სპორტსმენი იყო და ძიუდოში ვარჯიშობდა. მწვრთნელი მას დადებითად ახასიათებს. მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ტელეფონით შეიტყო.
თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მ.მ. ვარჯიშზეც იმყოფებოდა, მან დარბაზი საღამოს 18 საათსა და 15 წუთზე დატოვა.
„ძალიან მონდომებული ბავშვი იყო. ფიზიკურადაც გამორჩეულად ძლიერი იყო. ბავშვობიდან ვარჯიშობდა, სხვათა შორის, ერთი პერიოდი თავი დაანება, მერე ისევ დაბრუნდა. ისიც გავიგე, რომ რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და არ გაუმართლდა. ვარჯიში ერთი თვის წინ ისევ დაიწყო. გამიხარდა, რომ დავინახე და არაფერი მიკითხავს. სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ, 6 ნოემბერს, ბორჯომში რესპუბლიკის მასშტაბით ტურნირი ჩატარდა და მეორე ადგილის მფლობელის ჯილდოც დაიმსახურა. ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად. ბოლო ერთი თვე აქტიურად ვარჯიშობდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ოჯახური პრობლემებიც ჰქონდა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას მერაბ ჯიქია.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მ.მ-ს მამა დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ძმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

kvira.ge

იტვირთბა....