XXI საუკუნეში, სოციალურმა მედიამ ბიზნესი და “ნეტვორკინგი”, უფრო მაღალ და განსხვავებულ საფეხურზე აიყვანა. უდავოა, რომ სოციალური მედიის საშუალებით დაპატარავდა მსოფლიო, ბიზნეს-შესაძლებლობები კი უსასრულოდ დიდი გახდა.
ბევრმა არ იცის იმის შესახებ, რომ სოციალური მედია შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ კარიერული წინსვლის გზაზე. ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს, არც იმაზე აქვს წარმოდგენა, რომ სოციალურ ქსელში ინვესტირებულ ათასობით საათს, შესაბამისი უკუმოგებაც უნდა გააჩნდეს. სწორედ სოციალური მედიაა ის, რისი საშუალებითაც ვესაუბრებით პოტენციურ კლიენტებს, ვამყარებთ საჭირო კონტაქტებს, ვიძენთ საინტერესო მეგობრებს და ჩვენს პროფესიონალურ თუ პერსონალურ იმიჯსაც ვქმნით. ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია, დასანანი ხდება ნებისმიერი იმ ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში გატარებული თითოეული წუთი, ვინც ყველაზე დიდ კაპიტალს, დროს, სელფებისა თუ “დაპრუწული ტუჩებით” გადაღებული არაფრისმთქმელი “ლაივების” გაზიარებაში ხარჯავს. დასანანია მათი დროც და სამწუხარო მათი იმედგაცრუებაც, ვინც სოციალური მედიის დანიშნულებას “დეითინგ” საიტებში ურევს და ძალ-ღონეს არ იშურებს გულისამაჩუყებელი ლექსებისა თუ რომანტიული სტატუსების გაზიარებისათვის.
კითხვას, თუ რა არის სოციალური მედიის დანიშნულება, შემდეგნაირად შეიძლება გაეცეს პასუხი: სოციალური მედია არის ის, რისი საშუალებითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადმოგვყავს ჩვენს მხარეზე. ჩვენს მხარეზე როგორც პიროვნულ ადამიანურად, ასევე ჩვენი ბიზნეს თუ პროფესიონალური საქმიანობის სასარგებლოდ. ყველაზე საჭირო კითხვას კი, რასაც სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ადამიანები დაუსვამენ საკუთარ თავს, იქნება: “რა მიზნით ვარ მე აქ, და რა მამოძრავებს”? რაც არ უნდა იყოს მიზანი, სურვილი ერთია – რაც შეიძლება მეტი მიმდევარი… შედეგი კი შემდეგი: სოციალური მედია არის ჩვენი პერსონალური პლატფორმა, ბილბორდი და სავიზიტო ბარათი. რა გვინდა ვუთხრათ მათ ვინც გვისმენს? რა არის ის, რის გამო გვინდა, რომ ჩვენს შესახებ ბევრმა იცოდეს? აქვს მიმდევრებისა და მეგობრების ოდენობას მნიშვნელობა? – კი რაღაც დოზით, ხარისხის ოდენობაზე უპირატესობით და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს აუდიტორია ჩვენს მიზნებს.
როდესაც მიზნებზე ჩამოვყალიბდებით, და კითხვებზეც პასუხი მზად გვექნება, დროა მიზნის მიმართულებით ვიმოქმედოთ და ერთი რიგითი საკუთარი თავიდან სოციალური ქსელების ვარსკვლავის შექმნას შევუდგეთ:
* პროფილის სახელი და გვარი სრულად დაწერეთ. ერიდეთ სახელის და გვარის წერტილით, მძიმით, ტირით გამოყოფას. ერიდეთ “ნიკნეიმებს”, გრაფიკულ და საოჯახო პროფილურ ფოტოებს, შეინარჩუნეთ ერთი და იგივე პროფილის სურათი და გახსოვდეთ, რომ სოციალურ მედიაში მთავარი ფოტო ლოგოს ფუნქციას ასრულებს.
* იქონიეთ სპეციალური URL და არა ის, რასაც ვთქვათ ფეისბუქი ავტომატურად მოგანიჭებთ: http//facebook.com/+Mariam Kukunashvili ნაცვლად http://www.facebook.com/+1234583729002334 სპეციალური URL-ის ქონა მარტივია, პროფესიონალურ აუდიტორიაზე კი იმის შთაბეჭდილებას ნამდვილად მოახდენთ, რომ მარკეტინგის ანა- ბანაში ერკვევით და საკითხებსაც სიღრმისეულად უდგებით.* სოციალურ მედიას სხვაგვარად ინფორმაციის მჭამელ მონსტრსაც ეძახიან. თუ მისგან შედეგს ელით, ამისათვის მოგიწევთ მისი საინტერესო მინი-ბლოგებით და შინარსიანი ტექსტის მქონე სტატუსებით გამოკვება. ერიდეთ ერთი და იმავე თემებზე წერას. გახსოვდეთ, სოციალურ ქსელში თქვენ მრავალფეროვანი აუდიტორია გყავთ. თამამად წერეთ როგორც პროფესიონალურ, ასევე „მარადმწვანე“ თუ თავშესაქცევ თემებზე. იყავით გახსნილი და ბუნებრივი, მაგრამ მოერიდეთ სენტიმენტალიზმს და ოჯახურ – პერსონალურ საკითხებზე წერას.
* საკუთარი პოსტების გარდა, რეიტინგული სტატიების გაზიარებაც დადებით ეფექტს ახდენს ახალი მიმდევრების მოზიდვის საქმეში. თუ თქვენ სამიზნე აუდიტორიას უცხოელები წარმოადგენენ, რეიტინგული სტატიები შეგიძლიათ გააზიაროთ Googlescholar, Futurity, Alltop, Holly Kaw, Reddit, SmartBreif-დან, ხოლო მათ, ვისთვისაც სამიზნეს ადგილობრივი მიმდევრები წარმოადგენენ, შეუძლიათ Top.ge ის მაღალი რეიტინგის მქონე ქართული პორტალებიდან, ან საინფორმაციოებიდან მოახდინონ ინფორმაციის გაზიარება. http://www.metronome.ge – პრინციპი კი როგორც უცხოური, ისევე ქართველი მიმდევრების მაძიებლებისთვის ერთია: გააზიარეთ ის, რაც უკვე პოპულარულია, გააზიარეთ ასევე პოპულარული ადამიანების პოსტები. თითოეულ პოსტს უმჯობესია ფოტო/ვიდეო ვიზუალი ერთვოდეს თან, გაზიარებულ სტატიას კი ლინკი.
* იყავით აქტიური, საინტერესო, განსხვავებული და ინტერაქტიული. ერიდეთ ნეგატივს და საინტერესო ადამიანებისა და საქმიანი კონტაქტების ოდენობაც აუცილებლად გაიზრდება.
სოციალური მარკეტინგის საუკუნეში, ძნელია სოციალური ქსელების ყველა შესაძლებლობისა თუ მასთან დაკავშირებული რჩევების ერთ სტატიაში მოქცევა. აღნიშნული რჩევები კი, სოციალური მედიის ვარსკვლავად თუ ვერ გაქცევთ, იმაზე მაინც დაგაფიქრებთ, თუ რას ველით იქიდან, სადაც უამრავ დროს ვხარჯავთ, ვინ ვართ და როგორ გვინდა წარმოვჩინდეთ. ხოლო მათ, ვისთვისაც სოციალური მედიის დანიშნულებას მხოლოდ გართობა და სიამოვნება წარმოადგენს, იმით დავაიმედებ, რომ დრო გაფლანგული სიამოვნებაში გაფლანგულ დროდ არ ითვლება. Time enjoyed in waste, is not wasted time.
მარიამ კუკუნაშვილი