“ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა აჭარაში ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ვარშალომიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა:
“მეორე ტურიც დამთავრებულია, უსკომ მიიღო შემაჯამებელი ოქმი.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები. გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა. ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, ვინც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა…
სწორედ ამიტომ დღეს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი კონცენტრირება და ძალისხმევა ცვლილებებისკენ იქნება მიმართული. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე. მოსახლეობას შეეძლება ჩვენთან მოსვლა და შეხვედრა, პრობლემების განხილვა, იდეების გაზიარება”, – განაცხადა ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძეს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.