ისრაელმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის, თავშესაფრის მიცემაზე, შესაძლოა, ავტომატური უარი შემოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინიდან და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელების დიდი ტალღა წამოვიდა.
როგორც Haaretz-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა თხოვნით, რომ დაამტკიცოს ახალი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი დაჩქარებული წესით გამოეცხადებათ.
Haaretz-ის მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქლაქეები დევნილის სტატუსს ძირითადად ჯარისთვის თავის ასარიდებლად ითხოვენ. ნაწილი კი მიზეზად რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების გამო ნახევარკუნძულის დატოვებას ასახელებს.
რაც ეხება საქართველოს მოქალაქეებს, გამოცემის ცნობით, თავშესაფარს სამშობლოში პოლიტიკური რეპრესიების საშიშროების მოტივით ითხოვენ.
Haaretz სტატისტიკურ ინფორმაციასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2016 წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს მოქალქეების მიერ ისრაელში თავშესაფრის მისაცემად 8574 თხოვნა დაფიქსირდა, აქედან 5505 უკრაინის, ხოლო 3069 საქართველოს მოქალაქეებისგან. 2013 წელს ასეთი თხოვნის რაოდენობა მხოლოდ ხუთს შეადგენდა.