ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი კომენტარის შემდეგ, რომელმაც გადაცემა “არჩევანში” “ნაცმოძრაობაში” გაჩენილ უთანხმოებებზე ისაუბრა, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. “დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო, – განაცხადა ჟურნალისტებთან გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბოკერია ამბობს, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.
“ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ, ამ არჩევნებზე ვიბრძოლოთ ჩვენს აქტივთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება“,- განაცხადა გიგგა ბოკერიამ.