თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილება, სადაც ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და თბილისის ყოფილი მერი, გიორგი უგულავა.
სახელმწიფო ბრალდებამ მოწმედ დაკითხა კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი, სპეცრაზმელი, დავით უმფრიანი, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დაშლისა და ტერიტორიის გაწმენდას უშუალოდ შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, შალვა ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა:
“მივდიოდით სპორტის სასახლეში. გზაში არევაძეს დაურეკეს… უნდა მივსულიყავით ჩიტაძეზე, შსს-ს ერთ-ერთ შენობასთან. არევაძეს დაურეკეს და უთხრეს, ქაშვეთის ეკლესიის უკან მიდითო, იქ, სადაც კუდის თანამშრომლები იყვნენ შეკრებილი. როცა მივედი, დავით ახალაიაც იქ იყო. ასევე, იქ დაგვხვდა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, ჯანაშვილი. ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს. ბრძანება იყო, რომ დარბეული ხალხი ტერიტორიიდან განგვედევნა. როგორც კი გაიწმინდა ხალხი, დავბრუნდით ქაშუეთთან საპატრულო პოლიცია, სოდი, კუდი, ყველა იქ იყო შეკრებილი… როდესაც ვბრუნდებოდით მოდულის შენობასთან, დაახლოებით ღამის 10 საათზე, არჩილ არევაძემ თქვა, რომ მივდივართ “იმედთან”. როდესაც მივედით ტელეკომპანიაში, იქ ბევრი ხალხი იყო და სხვადასხვა დანაყოფი დაგვხვდა… იქ არევაძეს შენობაში შევყევით და გვითხრა, გარეთ დამელოდეთო. ჩვენ გამოვბრუნდით… არევაძემ გიორგი თარგამაძე გამოიყვანა გარეთ და მანქანაში ჩაისვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. სპეცრაზმმა დანარჩენ ჟურნალისტებს იძულებით დაატოვებინა შენობა და მიმდებარე ტერიტორია.“- განაცხადა მოწმემ.
უმფრიანის დაკითხვის დასრულების შემდეგ, მოწმის სახით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკითხვა დაიწყო, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო სხდომა დაიხურა.