ინტერვიუ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრ ბექა წიქარიშვილთან
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. პროცედურის დასრულების შემდეგ კი დაკავებულები გაათავისუფლეს.
ქუთაისში დაკავებულთა შორის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ქეთა გაბუნიაც იყო. გაბუნია აცხადებს, რომ ჩხრეკის „წარუმატებლად“ დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა ისინი ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანეს.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წევრის დაკავების ფაქტზე, განცხადების გავრცელებას გეგმავს. ქეთა გაბუნიას დაკავებასა და მოძრაობის სამომავლო გეგმებზე „მეტრონომი“ მოძრაობის წევრ ბექა წიქარიშვილს ესაუბრა.
“მეტრონომი”: შსს-ში აცხადებენ, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რაც გახდა ამ ადამიანების დაკავების მიზეზი. ეს ოფიციალური ვერსიაა. თქვენ თუ გაქვთ სხვა დამატებითი ინფორმაცია, რა შეიძლება გამხდარიყო გუშინ მომხდარის მიზეზი?
ბექა წიქარიშვილი: არა მხოლოდ ეს იყო. ისინი ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, თუმცა ეს ოპერატიული ინფორმაცია მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, რადგან ჩვენ ამ აქტს ვიღებთ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას მოძრაობაზე. გუშინვე, ჩვენი კიდევ ერთი წევრის მიმართ ჩხრეკა განხორციელდა უკვე თბილისში. უფრო სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციასთან. რადგან ფაქტია, რომ ეს ოპერატიული ინფორმაცია აბსურდი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ განცხადების გაკეთებას გეგმავთ. რას შეეხება ეს განცხადება, სავარაუდოდ, პრეტენზიები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ უნდა გქონდეთ…
– ჩვენ სახელმწიფოს მიმართ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. წინასაარჩევნო პერიოდში ახლა უკვე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვხვდნენ. ისინი გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად დაიწყებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე.
– კონკრეტულად ვინ შეგხვდათ?
– შეხვედრა გვქონდა ირაკლი კობახიძესთან, თამარ ჩუგოშვილთან და მარიამ ჯაშთან “ქართული ოცნების” ოფისში. ჩვენ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც გვქონდა მსგავსი შეხვედრა და ფაქტობრივად, ყველა დეკრიმინალიზაციას ლობირებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ შსს აბსოლუტურად სხვაგვარად იქცევა. როგორც კი დასრულდა საარჩევნო პერიოდი, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად ცვლილებებზე მუშაობა დაეწყოთ, დაიწყეს ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ.
– ქეთა გაბუნის გარდა, არჩევნების შემდეგ კიდევ დააკავეს ვინმე მსგავსი ბრალდებით?
– დიახ. არჩევნების მეორე ტური როგორც კი დასრულდა, ბოლო ათი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოვიდა ჩვენთან ადამიანის დაკავებებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტებს. ეს ყველაფერი რეალურად გვაფიქრებინებს, რომ არც სახელმწიფო და არც ძალოვანი სტრუქტურები როგორც ჩანს არ აპირებენ ამ უგუნური პოლიტიკის დათმობას. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია ადეკვატური იქნება.
– მკითხველისთვის რომ განვმარტოთ. რას ითხოვს თქვენი მოძრაობა და რა არის მისი საბოლოო ამოცანა, მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია თუ ლეგალიზაცია?
– ამ ეტაპზე გაცხადებული მიზანი არის დეკრიმინალიზაცია. დეკრიმინალიზაციაც არ არის ერთგვაროვანი და ამაზე მუშაობის დაწყებაა სჭირო. ამ პროცესში სახელმწიფოს ნება უნდა დავინახოთ. სხვა შემთხვევაში, ისღა დაგვრჩენია საზოგადოებრივი პროტესტი გავაგრძელოთ.
– ბოლოს ისევ განცხადებაზე გკითხავთ… კონკრეტულად რას გეგმავთ?
– ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი და ამას აუცილებლად გავაჟღერებთ ჩვენს განცხადებაში. გარდა ამისა, პოლიტიკურ სუბიექტებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, როგორც გუშინდელ ფაქტებზე, აგრეთვე ადრე მომხდარ დაკავებებზე. ჩვენ დავაანონსებთ აქციას და ამ აქცის შინაარსი და ფორმა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლები.
მარიამ ვარადაშვილი