ორი დღის წინ მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც მოგვიანებით გაირკვა გარდაცვლილი მე-19 მკ/რ ში მცხოვრები, 21 წლის გიორგი ძაბახიძე იყო. გვამი, მტკვრის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა იპოვეს. გამოძიების მიხედვით, ახალგაზრდა ჯერ მოკლეს, გარდაცვლილს ხელლ-ფეხი შეუკრეს და ცხედარი მტკვარში გადაგდეს.
– მკვლელობა სამართალდამცავებმა უკვე გახსნეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ა.ზ. დააკავეს.
გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
გარდაცვლილის მეზობლებელი კოტე კირვალიძე თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებული სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდიდა.
“გუშინწინ ღამე მოკლეს ჩემი უბნელი ბიჭი, ზრდილობიანი, წესიერი, ნიჭიერი ახალგაზრდა! ხშირად კვდებიან კარგები პირველები… ეს ბუნების დაუნდობელი კანონზომიერებაა. ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ოჯახის და უბნის ტრაგედიას… სამწუხაროა ყველანაირად და ზედმეტი სიტყვებიც ზედმეტია. მკვლელებს თუ მკვლელს რაც შეეხება, მე როგორც გავიგე, მანამდე ტაქსისტი ჰყავდათ მოკლული სადისტურად, 18 ჭრილობა მიაყენეს. მაშინ თან არასრულწლოვნები იყვნენ მკვლელები და ალბათ ამიტომ გადაურნენ სამუდამოს. ახლა რაღა უნდა ვთქვათ? ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელი დაკავებულია, მაგრამ ვინც გინდა იყოს მკვლელი, ყველანაირად არასწორია! (ციხეზე ადრე მკვლელებს სერიოზულად ეთხოვებოდათ პასუხი მკვლელობაზე), ახლა მხოლოდ კანონი სთხოვს და ისიც იმაზე მკაცრად არა, ვიდრე მარიხუანის, ან ნარკოტიკის მომხმარებლებს. (მკვლელებს ბევრად ნაკლები სასჯელი ჰქონდათ ხოლმე, ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებლებს). თავი დავანებოთ ყველაფერს, ვიზიარებ ამ სამწუხარო ამბავს. დაღუპულს მაინც ვეღარავინ გააცოცხლებს!”- აცხადებს მოკლულის მეზობელი.
primetimenews.ge