ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ტრამპმა შესაძლოა წინააღმდეგობა უფრო გაუწიოს რუსეთს, ვიდრე ამას ობამა აკეთებდა“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილ ელჩთან, გიორგი ბადრიძესთან

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შედეგ საქართველოში აქტუალური გახდა კითხვა – როგორი ურთიერთობა ექნება ტრაპს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და როგორ აისახება თეთრი სახლის ახალი მკვიდრის პოლიტიკა საქართველოსთან მომავალ ურთიერთობებზე. რესპუბლიკელების კანდიდატი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბრობდა. ამასთანავე, რუსული სამთავრობო მედია ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის კანდიდატურას. როგორი იქნება ტრამპის ამერიკა; შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მისი უმთავრესი სტრატეგიული ქვეყნის მხრიდან? აღნიშნულ საკითხებზე „მეტრონომი“ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილ ელჩს გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

„მეტრონომი“: როგორ აფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს,  თქვენი აზრით, როგორი იქნება ტრამპის ამერიკა?

გიორგი ბადრიძე: ტრამპის გამარჯვება, ჩემი აზრით, არის ახალი დროების ნიშანი. დროის, რომელშიც ტრადიციული ესტაბლიშმენტის პოლიტიკა სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევა, პოპულისტური პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან. ეს არის საერთო ტენდენცია როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. რაც გამოიხატება იმაში, რომ ზოგჯერ შესაძლოა დემოკრატიისთვის და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სრულიად საპირისპირო შედეგის მქონე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ჩემი აზრით, Brexit სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება იყო. ეს პროცესი ბრიტანეთის და მისი საზოგადოებისთვის საზიანო იყო, მაგრამ ეს შედეგი განპირობებული იყო პოპულისტური მეთოდებით, რომლითაც აწარმოეს კამპანია გარკვეულმა ძალებმა. აშშ-შიც სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. ტრამპმა უბრალოდ კი არ დაამარცხა დემოკრატიული პარტიის წარმოამდგენელი, არამედ „რესპუბლიკური პარტია“ დაამარცხა, ანუ მან დაამარცხა პოლიტიკური ისტაბლიშმენტი. ტრამპმა ამისთავის სრულიად არაკეთილსინდისიერი ლოზუნგები და დაპირებები გამოიყენა. ჩემი მოლოდი ასეთია, რომ დიახ ცვლილებები მოხდება, მაგრამ თუ მე სწორი წარმოდგენა მაქვს ამერიკის პოლიტიკურ სისტემაზე ყველაზე დიდი ცვლილება თავად ტრამპს უნდა შეეხოს, რადგან ის უნდა მოექცეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. აქედან გამომდინარე, მისი შეპირებები და გეგმები ბევრ სფეროში კორექტირებული იქნება. ტრამპის არჩევა ნამდვილად არის დარტყმა ლიბერალურ დემოკრატიაზე, მაგრამ როგორი იქნება მისი რეალური საპრეზიდენტო ქმედებები, ეს იქნება დამოკიდებული იმ გუნდზე, რომელიც ტრამპის გარშემო შემოიკრიბება უახლოეს ხანში.

– თქვენ ესტაბლიშმენტის დამარცხება ახსენეთ, თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდა ამერიკაში ტრადიციული პოლიტიკური სისტემა კრიზისში?

– ამის თქმა ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი აღარ თვლის, რომ მთავარი პოლიტიკური პარტიები – რესპუბლიკური თუ დემოკრატიული მათ ინტერესებს წარადგენს პოლიტიკურ ასპარეზზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რის გამოც შესაძლებელი გახდა ტრამპის მსგავსი კანდიდატის არჩევა, ან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლისთვის ხმის მიცემა უმრავლესობის მიერ, იყო დაკავშირებული საზოგადოების გარკვეული ნაწილის შიშებთან იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებით. დაპირებები, რომლებსაც ტრამპის მსგავსი პოლიტიკური ლიდერები აგულიანებებდნენ თავიანთ მომხრეებს არანაირად არ პასუხობს და არ წყვეტს ამ პრობლემებს. მაგალითისთვის გეტყვით,  რომ ტრამპის რეცეპტი იმიგრაციის საწინააღმდეგოდ, როგორც მან თქვა კედლის აშენება, არის სრულიად აბსურდული და არაეფექტური. მსგავსი განცხადებების მიზანია მარტივი გამოსავლის დაპირება ძალიან რთული პრობლემების გადასაჭრელად.

– როცა მასებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები..

– დიახ. პოპულიზმი სწორედ ეს არის. მარტივ გამოსავალს სთავაზობ ადამიანებს ძალიან რთული პრობლემებიდან.

– სწორედ ტრამპის რიტორიკაზე მინდა გკითხოთ.. ბევრი თვლის რომ მისი პოლიტიკა განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც წინასაარჩევნოდ საუბრობდა. მაგალითად მისი ვებ-გვედიდან მუსლიმებისთვის აშშ-ში არშეშვების შესახებ გაკეთებული განცხადება უკვე წაშლილია. იზიარებთ ამ შეფასებას?

– როგორც გითხარით, ჩემი აზრით, ტრამპის მოსვლა თეთრ სახლში ერთის მხრივ იქნება ძალიან დიდი გამოცდა ამერიკული პოლიტიკური სისტემის მდგრადობისა, რადგან უამრავი განცხადება და დაპირება ტრამპისა ანტიკონსტიტუციურია და მისი განხორციელება თავიდანვე აშკარა იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, არსებობს სფერობი, სადაც ტრამპს გავლენის მოხდენა მაინც შეეძლება და აქ ვნახავთ რამდენად მდგრადია ეს პოლიტიკური სისტემა და რომელი მხარე უფრო დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკის ფორმირებაზე. ჩამოყალიბებული საჯარო სამსახური, ჩამოყალიბებული და დაბალანსებული სისტემა კონგრესის სახით, თუ ტრამპი. ჩემი აზრით, უამრავ სფეროში ტრამპის ქმედებები მისი რიტორიკისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ გარკვეულ დაღს ტრამპი თავისი პიროვნული სტილით და ქარიზმით დაადებს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკას.

– საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-ს ახალ პრეზიდენტს რუსეთთან. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს რომ ტრამპის ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს ერთ წელიწადში, დამთავრდება. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

– მეც მგონია, რომ ტრამპი არანაირად არ უნდა იყოს რუსეთისთვის მაინცდამაინც ყველაზე სასურველი კანდიდატი. როგორც კი ტრამპს მიუტანენ პირველ სადაზვერვო ინფორმაციას იმის შესახებ, რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთი და როგორ არის ის მიმართული აშშ-ს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, მისი დამოკიდებულება თუ რაიმე ილუზია ჰქონდა პუტინთან დაკავშირებით, მაშინვე შეიცვლება. რამდენადაც ტრამპი აცხადებდა თავის პატივისცემას და მოწონებას პუტინის ძლიერი ლიდერობის მიმართ, ტრამპს თვითონ აქვს პრეტენზია იყოს ძლიერი, ქარიზმატული ლიდერი და არ მგონია მის ხასიათში ჯდებოდეს  პუტინისთვის დათმობები და აშშ-ის ინტერესების შეწირვა. ასე რომ, მცდელობა რუსეთთან თაფლობის თვისა ძალიან მალე დასრულდება. ჩემი აზრით, არსებობს შესაძლებლობა რომ ტრამპმა ბევრად უფრო რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პოლიტიკას, ვიდრე ამას ობამა აკეთებდა.

– როგორც დიპლომატი რას ურჩევთ მოქმედ ხელისუფლებას. რა უნდა გააკეთონ მათ იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიაერთობა შენარჩუნდეს? აქვე მინდა ექს-პრეზიდენტის სააკაშვილის განცხადებაზეც  გკითხოთ, მან თქვა რომ ტრამპი მისი მეგობარია.

– შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ამერიკის არჩევნები იმითაც იყო განსხვავებული, რომ ორივე კანდიდატი საქართველოში ნამყოფი იყო. ჰილარი კლინტონის განცხადებები შემიძლია შეგახსენოთ, რომელიც ამბობდა, რომ სასწაული ნახა ბათუმში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არ მგონია რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს რაიმე პრივილეგიას შეუქმნის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა მგონია ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოს ის მეგობრები რომლებიც წლების განმავლობაში, დიახ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ ისინი საქართველოს ინტერესებს მედგრად იცავდნენ აშშ-ში თუ ევროპაში და ამ ადამიანების მიმართ სრულიად მტრული პოზიცია დაიჭირეს. მათ უნდა გამოეყენებინათ ამ ადამიანების უდიდესი კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არ ყოფილა ერთი პარტიის მხარდაჭერა.

– ისინი სწორედ ასე ფიქრობენ, რომ ლობისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავდნენ…

– ეს არის სწორედ მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლებას ვიწრო პარტიული და შეზღუდული ხედვა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  ეს ადამიანები იცავდნენ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს შიდა დაპირისპირებები უნდა სრულდებოდეს იქ, სადაც იწყება ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო ინტერესები. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დადგა. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, ძალიან სერიოზული ძალისხმევა მიმართოს როგორც აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ისე კონგრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამყარებისკენ, მათ შორის საქართველოს ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გამყარებით. იმედი მაქვს, ჩვენი ახალი ელჩი ამ მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ მარტო ელჩი ვერაფერს შეძლებს თუ პოლიტიკური ნება არ იქნება.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....