ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს: „მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“

„ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობას“- ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

„თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. 8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად. თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა. ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს. საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მის მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ს განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს. პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობასა და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.  აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

იტვირთბა....