ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღმერთმა დაიფაროს თავისუფალი სამყარო ტრამპის უვიცი პოლიტიკისაგან“

„დროა თავისუფალი სამყაროს ლიდერად ქალი პრეზიდენტი ვიხილოთ“,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა აშშ-ში 8 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს:

„თუ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა საკუთარ პრეზიდენტად, და ეს არჩევნები მართლა არჩევნებია ჩვენი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არჩევანი ტექტონურ ძვრებს გამოიწვევს როგორც ამერიკის პოლიტიკაში, ისე მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე.

ამჯერად მხოლოდ საგარეო ეფექტს შევეხები, რასაც ტრამპის არჩევა იქონიებს მსოფლიოზე.

ჩემი ვარაუდით, ტრამპის პრეზიდენტობას სულ მალე მოყვება ანტი-ამერიკანიზმის დიდი ტალღა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში, რადგან პოლიტიკურად უცოდინარი ტრამპი, ვინც აქამდე არნახული პოპულიზმითა და შეგნებული არაპოლიტკორექტულობით მოაღწია, საშინლად გააუცხოებს ისედაც სკეპტიკოს ევროპელებს (განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში), დაასუსტებს NATO-სა და ზოგადად ტრანსატლანტიკურ კავშირს ევროპასა და აშშ-ს შორის; ასევე, გააძლიერებს პუტინს, დაძაბავს ურთიერთობას ჩინეთთან, იქნება არაპროგნოზირებადი პარტნიორი ყველასთვის და საბოლოოდ დაასამარებს (სავარაუდოდ დიდი ხნით) ამერიკულ ექსეფციონალიზმს, ანუ თავისუფალი სამყაროს გამორჩეული ლიდერის პოზიციას საკუთარი თვითკმაყოფილებითა და ტლანქი გადაწყვეტილებებით.

ტრამპის აქამდე მოსვლაც კი საკმარისი სიგნალია ამერიკული პოლიტიკური კლასისთვის, რომ მათ სისტემას რეფორმა ესაჭიროება, მაგრამ არა ნაჯახითა და ბენზო-ხერხით, როგორც ამას ტრამპი აპირებს, დანარჩენი მსოფლიოს ქაოსში დანთქმის ფასად, არამედ ფრთხილად და გათვლილად.

დროა თავისუფალი სამყაროს ლიდერად ქალი პრეზიდენტი ვიხილოთ, ყველა მისი ინდივიდუალური შეცდომებითა თუ სკანდალებით. იმედია, რომ ამას ამერიკელი ამომრჩეველიც დაეთანხმება.

ღმერთმა დაიფაროს თავისუფალი სამყარო ტრამპის უვიცი პოლიტიკისაგან. ღმერთმა დაიფაროს უკრაინაც, საქართველოც, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიც და დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც ამ თვითკმაყოფილი ყეყეჩისაგან.

უფრო სწორად, ამერიკელმა ამომრჩეველმა დაგვიფაროს ყველა ჩვენ.“ – წერს ნიკა რურუა.

იტვირთბა....