აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფრთხილად, მძღოლებო! შესაძლოა თქვენ მანქანაზე ხვალ სტიკერი მიაკრან – „მკიდია ყველა, ვაჩერებ სადაც მინდა“

 

უახლოეს დღეებში კანონდამრღვევი მძღოლები საკუთარი ავტომობილის საქარე მინაზე სტიკერს აღმოაჩენენ, რომელზეც ეწერება: „მკიდია ყველა, ვაჩერებ სადაც მინდა“. რა თქმა უნდა, გაღიზიანებული მძღოლების ნაწილი შეეცდება „ვანდალები“ კანონის ძალით დასაჯოს და ამისთვის პატრულს მიმართავს, თუმცა იმიტომ, რომ სტიკერი საქარე მინას არ აზიანებს, ვანდალობა არ დადასტურდება და მძღოლს საკუთარი ხელით მოუწევს არასასურველი წოდების მოშორება.

შეიძლება გამოჩნდეს აგრესიული მძღოლიც, რომელიც მოინდომებს სტიკერის მიმწებებელს „საქმე ურჩიოს“, თუმცა საბოლოოდ შესაძლოა თავად აღმოჩნდეს პოლიციის ყურადღების ქვეშ, როგორც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ასევე სხვა ბრალდებით.

ეს ყველაფერი კი საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში ავტომობილების რაოდენობამ კრიზისულ ზღვარს მიაღწია, ხოლო კანონდამრღვევი მძღოლების რიცხვმა ამ ზღვარს გადააჭარბა. გამომაფხიზლებელი და სამოტივაციო ორგანიზაცია, „სტოპ ხამი“, რომელიც პირველად ბელგიაში გამოჩნდა, საქართველოში  ლევან კენჭოშვილმა შემოიტანა. ის „მეტრონომთან“ ორგანიზაციის გეგმებზე დეტალურად საუბრობს.

ლევან კენჭოშვილი: „სტოპხამი“ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მორიგი ადგილობრივებისგან ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი სამოქმედო მოტივი  არამხოლოდ ავტომფლობელთა დასჯაა, არამედ სახელმწიფო ორგანოთა გამოფხიზლება და მოტივაცია იმისთვის, რომ პარკირებისთვის  მეტი ადგილი შეიქმნეს, დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი რომელიმე რეფორმით შემცირდეს, რადგან, დამეთანხმებით ალბათ, რომ  მილიონ ოთხასიათასიან დედაქალაქში ნახევარი მილიონი ავტომობილის არსებობა კატასტროფული მდგომარეობაა.

%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98

– რას მოიმოქმედებს  ორგანიზაცია ამისთვის?

– ჩვენი მთავარი სამოქმედო სტრუქტურა არის სტიკერების მიკვრა იმ ავტომობილების საქარე მინებზე, რომლებიც არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ბორდიურზე თუ ზებრა გადასასვლელზე პარკირებით, ან მსგავსი სხვა დარღვევით. სტიკერზე ეწერება: „მე მკიდია ყველა, ვაჩერებ სადაც მინდა“, (ტექსტზე მუშაობა მიდის, საბოლოო ვარიანტი შესაძლოა ოდნავ  სხვანაირი იყოს). ვფიქრობთ, რომ უხეში ჟარგონის გამოყენება ოპტიმალური იქნება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება აგრესია, გამოხმაურება და დარწმუნებული ვარ, კრიტიკაც იქნება, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, ოპტიმალურ ვარიანტად ეს რჩება.

– ფიქრობთ, რომ ეს კამპანია მძღოლებზე იმოქმედებს?

– ჩვენ კამპანიას საკმაოდ დამრიგებლური ტონი აქვს. ვანდალები არ ვართ, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა ლიბერალური გზითაც არ გამოდის.

– თუმცა, ავტომობილის საქარე მინაზე სტიკერის მიკვრა რამდენად კანონიერია?

–  საქარე მინაზე სტიკერის მიკვრის  შედეგად მინა არ ზიანდება, შესაბამისად ეს არც ვანდალიზმი და არც კანონდარღვევა არ არის.

stopxam3

 

– ამ კამპანიით ავტომობილების რაოდენობა როგორ უნდა შემცირდეს ქალაქში?

– სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში არსებობს ავტომობილის სანომრე ნიშნებით გამოყვანისთვის კენტი და ლუწი რიცხვების დღე (მაგალითად, ლონდონში). ამით ავტომობილების რიცხვი თბილისში 25-დან 30 პროცენტამდე შემცირდება. თუ ახლა დადის ნახევარი მილიონი ავტომობილი, ამის მერე, ერთ დღეს, ორას ორმოცდაათი ათასი გამოვა. ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და გზების მოწყობა სჭირდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავისი აქტივობით აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. თავად არ ვაპირებთ მერიაში მისვლას და თქმას, თუ რა არის გასაკეთებელი. მათ ჩვენი ქმედებებით მივაწვდით სიგნალს.

– რამდენი ხართ ორგანიზაციაში გაწევრიანებული?

– ამ ეტაპზე 8 კაცი ვართ. მსურველი ბევრია, თუმცა რადგან გუნდი უკვე შევკარით, მეტის დამატებას არ ვგეგმავთ.

stopxam

– როდიდან იწყებთ აქტიურ მოქმედებას?

– საკმაოდ ბევრი საქმეა. ამ ეტაპზე მთავრობის წარმომადგენლებს ვესაუბრებით და სახელმწიფოს მხარდაჭერისა და დაფინასების მოძიების შანსი გვაქვს. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გეტყვით, რომ ნოემბერში აუცილებლად იქნება პირველი რეიდი.

– რატომ აირჩიეთ რუსული სახელწოდება, „სტოპ ხამ“?

– სიტყვა რუსულია, თუმცა ინგლისურენოვან ქვეყნებშიც ეს ტერმინი გამოიყენება. ამიტომ ჩვენც გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ „სტოპხამი“ არ არის რუსული მიმდინარეობის ანალოგი, მსგავსი კამპანია დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს როგორც მოლდოვასა და ბელგიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. იდეის ავტორიკი არის ბელგია და არა – რუსეთი.

– რას გეგმავთ სამომავლოდ?

– სამომავლოდ იგეგმება კამპანია ქვეითთა წინააღმდეგ.

მანა ნოდია

stopxam2

იტვირთბა....