ახალი ამბები

აფხაზეთში არასამთავრობოებმა სარჩელი СГБ-ს მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრეს

სოხუმის სასამართლოში განიხილება სამოქალაქო სარჩელი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სგბ) წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია მოქალაქეების – საიდ გეზერდავას, ლია აგრბას, ალისა პაჩალიას, ნაიდა და აიდა აბიდოვების მიერ. მოსარჩელეები ადანაშაულებენ სგბ-ს წარმომადგენელს, ზაალ ხვარცკიას, მათი პატივისა და ღირსების შელახვაში.

სარჩელის მიხედვით, 2023 წლის 22 დეკემბერს აფხაზური “სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის” (АГТРК) საინფორმაციო გამოშვების ეთერში გავიდა სგბ-ს თავმჯდომარის მოადგილის, ზაალ ხვარცკიას გამოსვლა, სადაც გავრცელდა მათ შესახებ “წინასწარგანზრახული ცრუ ინფორმაცია”. ხვარცკიამ განაცხადა, რომ 23 არასამთავრობო ორგანიზაცია და 10 საერთაშორისო წარმომადგენლობა სამი წლის განმავლობაში 2,09 მლრდ რუბლით დაფინანსდა და გამოხატა ეჭვი იმის თაობაზე, თუ როგორ ხარჯავდნენ აღნიშნულ თანხებს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ “ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანხმდება და საქმიანობის ანგარიშებს წარუდგენს, ხოლო დაფინანსება აფხაზური ბანკების მეშვეობით ირიცხება. შესაბამისად, ხვარცკიას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რომ თანხები კონკრეტულ პროექტებზე იხარჯებოდა: ალისა პაჩალიას კერამიკის სახელოსნოს აშენება ახალ ათონში, ლია აგრბას კოვიდცენტრისა და მობილური სასწრაფო დახმარების ბრიგადის შენახვა პანდემიის დროს, აიდა და ნაიდა აბიდოვების რესურსცენტრი „Проспект“, სადაც ტარდება მასტერკლასები და ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციები”.

აღნიშნული საქმის განხილვა ყურადღების ცენტრში აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის საჯარო კრიტიკის ფონზე მოხვდა.

იტვირთბა....