ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თეთრი სახლი ეხმაურება

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებას  თეთრი სახლი ეხმაურება. ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ულოცავს ქართველ ხალხს მეორე ტურის წარმატებით დასრულებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია:

„მთელი სპექტრის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, როცა მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს, გამოეჩინათ თავშეკავება საარჩევნო პერიოდში, რათა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება თავისუფლად გამოეხატათ.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და გამოვდივართ ანგარიშვალდებულების მოწოდებით, ისევე როგორც საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების მოწოდებით, კანონის უზენაესობის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლი  პოლიტიკურ ლიდერებს ყველა პარტიიდან მოუწოდებს, იმუშაონ ერთად იმ მიზნების მისაღწევად, როგორიცაა „დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღება“.

იტვირთბა....