ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თქვენ მომკალით, მე გადავრჩი, სათითაოდ გაგებინებთ პასუხს!”: ვის ემუქრება გივი თარგამაძე

„თქვენ მომკალით, მე გადავრჩი. არ მოდუნდეთ, ყველას სათითაოდ გაგებინებთ პასუხს!”, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ახალციხის ერთ-ერთ უბანზე შევხვდი ბატონ გედევან ფოფხაძეს. არჩევნების მიმდინარეობაზე რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთო. წინა დღეების და ამ დღისაც უბნების მიღმა წარმოუდგენელ ძალადობას თუ არ ჩავთვლით, ამ წუთას არა. თორემ ისე როგორ არა – ვუპასუხე. რაზეო? ამაფეთქეთ. ა, ეუფ იმაზეო.. ნამძინარევი ინტონაციით. მივხვდი, რომ მათთვის ეს დიდი ხნის დაძინებული ამბავია.. ბატონო გედევან, ქართული ოცნების თითოეულო წარმომადგენელო, დაწყებული თქვენი ტვინგადაგლესილი ბელადით – თქვენ მომკალით, მე გადავრჩი. არ მოდუნდეთ, ყველას სათითაოდ გაგებინებთ პასუხს!”.- წერს თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში  გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

“სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:

დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი – ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.

ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....