”ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი მინიმუმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს. -ამის შესახებ მაჭავარიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა:
„ვიღებ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს, თუნდაც, რომ მომიწიოს შესვლა პარლამენტში, ვერ ვხედავ რესურსს ის საქმე გავაკეთო რაც მე მაინტერესებს. ეს პარლამენტი ეკონომიკაში არაფერს შეცვლის. რა ეკონომიკური საკითხებიც არ უნდა წამოგვეწია, გვპასუხობდნენ რა დროს ეკონომიკაა, ყველაფერი კარგად არისო. 27 ადამიანი შედის ჩვენგან პარლამენტში, ვიბრძვით მაჟორიტარებისთვის და თუ მოგვიწია კიდევ შესვლა, უმჯობესია ახალი ადამიანები შევიდნენ, ვისაც მეტი გამოწვევა ექნებათ. პარტიულ თანამდებობაზე არც ვარ. რაღაც საკითხებზე ვიქნები აქტიური, გავაქტიურდები ”ფეისბუქზეც”. შესაძლოა, პარტიის სახელით აღარ გავაკეთოთ ბრიფინგები, თუმცა დავეხმარები და მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან კარგი ხალხია ამ პარტიაში და ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს. პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, ისევ ვიქნები, ასევე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი და ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველთვის ღიად დავაფიქსირებ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის პერიოდში სამეცნიერო საქმიანობით დაკავდება.
„მაინტერესებს დისერტაცია დავიცვა პოლიტიკურ მეცნიერებებში, მაინტერესებს ლექციების წაკითხვა. მე ვფიქრობ, რომ მომავლისთვის უნდა მოვემზადო. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს და მინდა ამის რეალიზაცია მოვახდინო. პოლიტიკა ხომ იცით როგორი რაღაცაა? მუდმივად შესაძლოა დაბრუნდე როცა გირჩევს გუმანი, რომ დროა დაბრუნების. გადავდექი მინისტრობიდან, მაგრამ ერთ წელში ისევ პარლამენტში შევედი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“