ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„6 ქვეყანა მზადაა შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს“

“ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს. ჩვენ ახლა ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, ნატო-ს ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. ამავდროულად, ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მუქარებით სავსე რიტორიკა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.

 

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე ნატო-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთის და აშშ. სხვა წევრი სახელმწოფები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

იტვირთბა....