რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ ყაჩაღობაზე, რა დროსაც თემურ ხომერიკის ოჯახი სამმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა, „გურია ნიუსთან“ თავად დაზარალებული ყვება დეტალებს:
“ძალიან გულსატკენია, როცა ასეთ საქმეებში ურევია ტოტალიზატორი, მე თუ მკითხავთ, არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ აუცილებლად ავკრძალავდი ტოტალიზატორებს და მითუმეტეს, ახალგაზრდების შესვლას ტოტალიზატორში. მასობრივად უამრავი ცუდი მოაქვს ოჯახებისთვის ტოტალიზატორებს. რა დონეზე უნდა იყო გადაგვარებული, რომ საკუთარი ბებია და მეზობელი დააყაჩაღო 30 ლარისთვის, რომ არ გქონდეს ასეთი გამოუვალი სიტუაცია“, – ამბობს თემურ ხომერიკი და ყაჩაღობის დეტალებზე საუბრობს:
“ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეშის დამზადებაზე მუშაობდა ნატანებში, იქვე ცხოვრობს ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომლის შვილიშვილიც იყო ერთ-ერთი მათგანი. მასთან ჩამოდიოდა ეს ბავშვი. ეს ქალბატონი ხშირად ჩემს ოჯახში მუშაობდა. მერიის “გარადოკში“ ცხოვრობენ, დანარჩენი ორიც იმ ბინებში ცხოვრობს, ანუ მეზობლები არიან. ერთი 26 წლის არის, დანარჩენი ორი კი არასრულწოვანია, თავდაპირველად მოითხოვეს 100 ლარი. როგორც მათ უთქვამთ, სჭირდებოდათ ტოტალიზატორისთვის.
ამ ბავშვის ბებია, რომელიც დედაჩემს ეხმარებოდა, იმ ღამით ჩვენთან დარჩა. წარმოიდგინეთ, ბავშვმა საკუთარი ბებია დააყაჩაღა, ასე გამოდის. ღამის ორ საათზე დაადგნენ თავზე, ეჭირათ ხელში დიდი დანა, რომელიც იქვე სამზარეულოში აუღიათ, არ ეკეთათ ნიღბები. მიანათეს ფანარი და მოითხოვეს ფული. ერთმანეთს ეძახდნენ თურმე, რომ მეტი ფული არაა და წავიდეთო. მერე გაქცეულან, დედაჩემმა იყვირა და მეზობელს დაურეკავს პოლიციაში. პოლიციამ, განსაკუთრებით ურეკის განყოფილებამ, ოპერატიულად იმუშავა. 15 წუთში დააკავეს ეს ბიჭები. მათ აღიარეს დანაშაული. ერთ-ერთმა თქვა, რომ ეს ყველაფერი დ.ხ-სთვის დაიგეგმა, რადგან მას წაგებული ჰქონდა ფული ტოტალიზატორში. ძალიან საწყენია და საყურადღებოა, რომ ტოტალიზატორი ძალიან ცუდ როლს ასრულებს არასრულწოვნებთან დაკავშირებით საქართველოში. ეს ერთი მომენტი და მეორე ძალიან გულდასაწყვეტია, ის რომ ახალგაზრდები ამას აკეთებენ 19, 20 წლის ასაკში. როგორც პოლიციის უფროსმა მითხრა, ანალოგიური ბრალდებები რამდენიმე თვის წინ მეზობლებს ჰქონია ამ ყმაწვილის მიმართ. მაშინ დედაჩემმა, რადგან ჩვენთან მუშაობდა, დაინდო, შეეცოდა და პოლიციელებისთვის უთქვამს, წესიერი კაცია, მუშაობსო, ანგარიში გაუწია, ყველას ეცოდებოდა, როგორც ახალგაზრდა ბავშვი. რატომ დაიღუპა თავი ყაჩაღობისთვის, 30 ლარის გამო, ეს წარმოუდგანელია და ჩემთვის პირადად გაუგებარია. თან საკუთარ ბებიას რომ დააყაჩაღებ და იმ ოჯახს, რომელიც გამუდმებით გეხმარებოდა, გვერდში გედგა, ძალიან ბევრი ამაგი ჰქონდა დედაჩემს ამ ბავშვზე. რატომ მივიდა ეს ბავშვი ამ ზომამდე, მე კიდევ ტოტალიზატორის ბრალი მგონია. ერთი თვის წინ, როცა მე გავიგე ამ ბავშვის ტოტალიზატორისადმი დამოკიდებულების ამბავი, მივედი და გავაფრთხილე, თქვენზე ცუდი ხმებია და თუ ამ გზას ადგახარ, ჩემს ოჯახში აღარ მოხვიდე-მეთქი. ასე მითხრა, იმდენი ამაგი აქვს დედათქვენს ჩემზე, მე ცუდ რამეს არ გავუკეთებო”, – ამბობს ხომერიკი და ხაზს უსვამს დამნაშავეების დასჯის საკითხს:
“ეს არის მძიმე დანაიშული, აქ აღარ არსებობს, რამდენი წლის ხარ, როცა მძიმე და თან ჯგუფურ დანაშაულს ჩადიხარ, უნდა დაისაჯო სათანადოდ. ცუდია, რომ ასეთ ახალგაზრდას მოუწევს პასუხისგება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ის, ვინც შევარდა სახლში და თავს ედგა დედაჩემს დანით, მასზე გაცემულია პროკურორის სანქცია, დანარჩენ ორზე კი არ ვიცი, ალბათ, სათანადოდ დაისჯებიან“, – გვითხრა დაზარალებული ოჯახის წევრმა.
ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული დ.ხ., 1998 წელს დაბადებული შ.ჟ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით).
წყარო: „გურიანიუსი“