ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამის ინფორმაციით, მისი შვილი „კრწანისის“ ცენტრის გარეთ მოკლეს. ამის შესახებ რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ელაპარაკა ორ ბიჭს, ვინც მის შვილთან ერთად იყო:
„ნასროლია გარეთ, ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციიით, განხორციელებულია 2 გასროლა და ერთი საუბედუროდ მოხვდა ბავშვს. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
ოჯახის წევრის, გიორგი შენგელიას ბიძაშვილის, გიორგი მებონიას განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული გიორგი შენგელია კრწანისის სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა, არასწორია.
“სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – განაცხადა გიორგი მებონიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.