აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი: საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია

ახვლედიანი აცხადებს, რომ “ოცნება” მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხს უახლოეს მომავალში დააყენებს

ეს საკითხი არჩევნების დასრულებისთანავე გახდა აქტუალური, როდესაც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. მითუმეტეს, როცა მმართველ ძალას აქვს რეალური შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 113 დეპუტატით შევიდეს პარლამენტში. ამ საკითხს პოლიტიკურ წრეებში უკვე აქტიურად განიხილავენ.

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად ცვლილება კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს, რასაც პარლამენტართა არანაკლებ ¾-ის მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელი მოცემულობით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ნამდვილად აქვს.

საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. მაგალითად, გერმანიის ძირითადი კანონის 54-ე მუხლის მიხედვით, გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფედერალური კრების მიერ აირჩევა. ფედერალური კრება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შედგება ბუნდესტაგის წევრებისა და თანაბარი რაოდენობის იმ წევრებისაგან, რომლებიც აირჩევიან ლანდების სახალხო წარმომადგენლობის მიერ პროპორციული საარჩევნო პრინციპების საფუძველზე.

სწორედ გერმანულ მოდელზე საუბრობს ირაკლი კობახიძე. პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორც მაგალითად ზემოხსენებული გერმანია და მსგავსი პარალელის გავლება არასწორია.

“მეტრონომთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანომ უნდა აირჩიოს.

ხმალაძეს აზრით, იმის მტკიცება, რომ მომავალი პრეზიდენტი “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური იქნება და ის საყოველთაო წესით უნდა აირჩეს უსაფუძვლოა, რადგან დღევანდელ პირობეში თუ ხალხი გადაწყვეტს პრეზიდენტის არჩევას, ხმალაძის თქმით, მაინც “ქართული ოცნებისთვის” სასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს.

“ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოში კლასიკური საპარლამენტო სისტემა უნდა იყოს, რომელიც არ ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. როგორი წესით უნდა ხდებოდეს პრეზიდენტის არჩევა, პარლამენტის მიერ, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში გამოიყენება, თუ ე.წ ამრჩევთა კოლეგიით?! ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე უკეთესი იქნება თუ პრეზიდენტს აირჩევს ამრჩევთა კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან და ამდენივე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა მიერ. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს სამასკაციანი ამრჩევთა კოლეგია. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მხოლოდ კონკრეტულ დროს და კონკრეტულ მომენტში პარლამენტში არსებულ ძალთა თანაფადრდობაზე არ იყოს ეს დამოკიდებული, არამედ გათვალისწინებული იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებიც, ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნები არ იმართება იმავე დროს როცა იმართება პარლამენტის არჩევნები, მათ შორის ერთი ან ორი წელია ხოლმე სხვაობა.

ამ დროის განმავლობაში იცვლება ამომრჩეველთა დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ და ჩვეულებრივ საკრებულოებში პოლიტიკური წარმომადგენლობა სტრუქტურულად განსხვავებულია პარლამენტში პოლიტიკური წარმომადგენლობისგან. ამ მოდელით სრულფასოვნად იქნება გათვალისწინებული ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება”. – აცხადებს ხმალაძე.

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე ამტკიცებს, რომ დემოკრატიისთვის მიუღებელია, კონსტიტუცია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს.

„საერთოდ, ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი. ამ პრობლემებზე აპელირება პასუხისმგებლობის მქონე მმართველი ძალის მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს”. – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე“.

ხმალაძის თქმით, პრეზიდენტს პირდაპირი წესით ავირჩევთ, თუ მის არჩევანს ქართველ კანონმდებლებს მივანდობთ, შედეგად მაინც მმართველი ძალისთვის სასურველ კანდიდატს მივიღებთ ქვეყნის მეთაურის პოსტზე.

„პირდაპირი არჩევნების მომხრეები ამბობენ იმას, რომ თუ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს, იმას აირჩევს ვინც მას უნდაო. როდესაც ჩვენ ვხედავთ ამომრჩეველმა როგორი არჩევანი გააკეთა საპარლამენტო არჩევნებისას, როცა ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა მისცა, იგივე ამომრჩეველი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნებისას ხომ ძალიან მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას უნდა“. – აღნიშნავს ხმალაძე.

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მართალია, შერეული სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტებს ირჩევენ პარლამენტები, თუმცა მათი თავისებურება ისაა, რომ ეს არის ორპალიატიანი პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად ერთპალატიანია. კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

როგორც კონსტიტუციონალისტი გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, ორპალატიანი პარლამენტი საქართველოში მანამ არ იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოფლიქტი არ მოგვარდება.

„ერთპალატიან პარლამენტს რომ ავარჩევინოთ პრეზიდენტი, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ პრეზიდენტი იქნება ზედმეტად დაქვემდებარებული პარლამენტზე, ძალიან სუსტი იქნება მისი ნებისმიერი ლეგიტიმაცია და საკუთარ ფუნქციებს ვერ შეასრულებს”. – ფიქრობს ბურჯანაძე.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა კატეგორიულად უარყო იმპიჩმენტის საკითხი.

„ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. მათ, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია და არავის ახსოვს.  ჩვენ ვფიქრობთ მეორე ტურზე, ვფიქრობთ, როგორი ქვეყანა გვექნება და სწრაფ და სტაბილურ განვითარებას როგორ მოვაღწევთ. 8 ოქტომრის შემდეგ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რასაც ბევრი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს ვერ უბამს. კონსტიტუცია რომ ჩამოსაყალიბებელია, ფაქტია, რადგან სააკაშვილმა ის თავის თავზე მოირგო და ქვეყნის მოწყობის მსოფლიოში არარსებული მოდელი შექმნა. კონსტიტუცია კონსტიტუციას უნდა დაემსგავსოს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც მხოლოდ იმ პარტიების სურვილს არ ნიშნავს, რომლებსაც 20 000 მხარდამჭერი ჰყავთ“. – ამბობს სუბარი.

ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხს უახლოეს მომავალში დააყენებს.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის შემდეგი პროცედურები არსებობს:

კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. შემდგომ საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

და ბოლოს, პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

კონსტიტუცია ასევე განმარტავს, რომ დაუშვებელია იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის დროს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტსაც აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....