ცესკო ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პარტიების პროცენტების ჯამი 100.2%-ს შეადგენს:
“დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.
აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.
ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება.”
განცხადებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას 25 პოლიტიკური სუბიექტი იღებდა, ამ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მოპოვებული პროცენტების რაოდენობის ჯამი წესით 100% უნდა იყოს, თუმცა ცესკოს საიტზე ეს ასე არაა და წინასწარი მონაცემებით, პარტიების პროცენტების ჯამი 100.2%-ს შეადგენს.
როგორც ამ ინფორმაციას ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი განმარტავს, ამ შეცდომის მიზეზი სავარაუდოდ პარტიების ხმათა დამრგვალებაა. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსმა ხმათა 5.006% აიღო, ცესკოს საიტზე კი, მათ 5.01% უწერიათ. ასევე მეტობით არის დამრგვალებული სხვა პარტიების რეიტინგებიც, რაც ჯამში 0.2%-იან სხვაობას იძლევა.