პრეზიდენტის პოზიცია დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გაახმოვანა. მისი განცხადებით, მომავალი პარლამენტი არ არის მრავალპარტიული, რაც არსებული საარჩევნო კოდექსის ბრალია:
„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში მოღვაწეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულება. თუმცა, ყველა პარტია თავად ადგენს და განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს. პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანო. სამწუხაროდ პარლამენტში არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. ეს შედეგი არის განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს დღეს. იმ საარჩევნო სისტემით, რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა ეს საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა. ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არის ძალიან დასანანი და სამწუხარო,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.