აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

რას მოუტანს ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა: ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ანალიზს აკეთებს

 

„სულ 5 უბანია, სადაც „მრეწველები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი მაჟორიტარები იყრიან კენჭს. ამ დროს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიაღწიოს კონსესუსს ამ კანდიდატურების გარშემო“

„ქართული ოცნება“ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში. ზუსტი მონაცემები მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა. ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ოპოზიციად მოაზრებული „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ამინდს ვეღარ შექმნიან. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია „ნამოძრაობამ“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და პარლამენტში არ შევიდეს. რას გულისხმობს საკონსტიტუციო უმრავლესობით პარტიის მოსვლა პარლამენტში და რა საფრთხის წინაშე დგება ამით ქვეყანა და ამომრჩეველი, „მეტრონომს“ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

„მეტრონომი“: მმართველი პარტია შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. რა უარყოფითი მხარე ექნება ამას?

ხათუნა ლაგაზიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა ცალსახად უარყოფითია, ვინც არ უნდა აკომპლექტებდეს მას. ქართულ რეალობაში, ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის განვითარების მხოლოდ 25-წლიანი ტრადიცია არსებობს, ეს არის ფაქტობრივად უკონტროლო ძალაუფლება და ეს არის ძალაუფლება კონსტიტუციაზე. ეს არის უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია იძალადოს კონსტიტუციაზე. შესაბამისად  მხოლოდ მმართველი სახელისუფლებო გუნდის პიროვნული პასუხისმგებლობის იმედად ვრჩებით, რომ ისინი გაუძლებენ ცდუნებას, კონსტიტუციაზე არ იძალადონ.

ზოგადად, ძალაუფლებას ისეთი თვისება აქვს,  მის ცდუნებას გაუძლო, ძალიან რთულია. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან მძიმე წლები გველის წინ. გავიხსენოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდი, რომელთაც 2008 წელს  მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს და არ ჰყავდათ ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მათ შეცდომებისგან დააზღვევდათ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით, უმრავლესობით მოსულ ძალებს ესმით არა კანონის, არამედ-ძალის უზენაესობის. ეს გამოცდილება გვაქვს დღემდე და ხვალ რა იქნება, რთული სათქმელია, თუმცა – იოლი სავარაუდო.

– რა პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩეველს ამ სიტუაციაში?

– დღეს როცა პოლიტიკური ყამირია ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები დამთავრდნენ, რომელთაც თვითონ გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს, ამ შემთხვევაში უსაყვედურო ამომრჩეველს, უაზრობაა. პარტიები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას გეგმავდნენ და ივანიშვილის სახით ქოლგას ეძებდნენ, აჩვენებდნენ, რომ თავად არ სჯეროდათ საკუთარი ძალის. შესაბამისად, ამომრჩეველსაც ვერ დააჯერებდნენ. მათ ფაქტობრივად ამ არჩევნებით არსებობა დაასრულეს. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ახალი პოლიტიკური ძალები შემოვიდნენ, თუმცა, ეს იოლი ამოცანა არ იქნება იმ პირობებში, როცა მედია სივრცე პარალიზებულია და კონტროლდება ხელისუფლების და მთავარი ოპოზიციური ძალის მიერ. ძალიან ცოტაა ისეთი მედია, რომელიც ობიექტურობას ინარჩუნებს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს.

– მაჟორიტარების მეორე ტურმა შეიძლება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა გამორიცხოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველმა, რომელიც თუგინდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, გააზრებული არჩევანი ამ უკანასკნელის მიმართ ბალანსის დასაცავად უნდა გააკეთოს თუ არა?

-„ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ბარიერად იქცა საქართველოს პოლიტიკური განვითარების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დემოკრატია მართლა გადასარჩენია, მგონია, რომ ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მაინც არ მისცემს. სულ 5 უბანია, სადაც „მრეწველები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი მაჟორიტარები იყრიან კენჭს. ამ დროს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიაღწიოს კონსესუსს ამ კანდიდატურების გარშემო. „ნაციონალების“ და ინაშვილის პარტიის გარდა, ნებისმიერი სხვა პარტიის გარშემო მობილიზების შანსია. „ნაციონალების“ გარშემო ეს არ მოხდება, რადგან ამომრჩეველს დღემდე აქვს ის შიში, რაც მათი ხელისუფლების დროს გამოიარა. ეს შიში თვალს გიბრმავებს, რომ მომავალ 4 წელში შეიძლება იგივე დაგემართოს, რადგან განუსაზღვრელი ძალა იქნება ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. ამიტომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი თავიდან ბოლომდე მუხრუჭია ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამ თაობამ, რომელმაც შევარდნაძის პერიოდში ფეხი აიდგა, თავიანთი რესურსი ამოწურა ქართულ პოლიტიკაში. ახალი თაობა უნდა შემოვიდეს. სხვაგვარად, სახელმწიფო დიდი რისკის ქვეშ დადგება.

– სავარაუდო ვერსიად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის გამოცხადება სახელდება. რამდენად მომგებიანი იქნება ეს როგორც მათთვის, ასევე, ქვეყნისთვის?

– ეს არაფერს არ შეცვლის. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, იგივე შედეგი დადგება. რომც არ შევიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და კრიზისმა ხელახალი არჩევნების აუცილებლობა გამოიწვიოს, შედეგი იგივე იქნება. ამიტომ არანაირი აზრი არ აქვს ენმ-ის პარლამენტიდან გასვლა, პირიქით, ხელ-ფეხს გაუხსნის მმართველ პარტიას. ერთი ოპოზიცია კი ჰყავთ უკვე, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით და თუ გგონიათ, რომ „ნაციონალებს“ ვინმე მისტირის, ასე ნამდვილად არ არის. „ნაციონალები“ გარეთ დარჩენით, მათ რა მიზანიც აქვთ, მომავალში ხელისუფლება შეცვალონ, ვერ მიაღწევენ. ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანენ, რადგან ამის რესურსი არ აქვთ. ეს რომ შეეძლოთ, უკვე გამოიყვანდნენ. თუ გონიათ, რომ აშშ-ს მათ ამ პროტესტზე გული გაუსკდება, სიბეცეა. ამერიკას თავისი გაჭირვება აქვს, ყველაზე რთული არჩევნები აქვს წინ. ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოსთვის არავის არ სცალია.

– წინა სამმა ხელისუფლებამ მოიპოვა კონსტიტუციური უმრავლესობა და მათი მმართველობის დასასრული ცნობილია. რატომ არ ითვალისწინებენ მთავრობაში მოსული პარტიები წარსულ გამოცდილებას?

– ძალაუფლება უნდათ. გონიერ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია უნდა სჭირდებოდეს, შეცდომებისგან თავის დასაზღვევად. შეუმცდარი არავინ არ არის. ქართველებს ეს არ უნდათ. ამიტომ მიდიან ერთ წრეზე და უშვებენ იმ ტრაგიკულ შეცდომებს, რომლებიც მათაც და ქვეყანასაც დასასრულისკენ მიაქანებს. ეს ალბათ დაბალი პოლიტიკური კულტურის და გამოცდილების ბრალიცაა.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....