ისტორია მკაფიო გაკვეთილებს იძლევა. წლების განმავლობაში საქართველოში მთავრობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ცდილობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა ყველა ხელისუფლებას მძიმე შედეგად უჯდებოდა, მომდევნო მმართველი პარტია იმავე გზას ირჩევდა.
ახლაც, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი წინა ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობისგან გათავისუფლება იყო, ის საპარლამენტო არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით იგებს.
გთავაზობთ საქართველოს სამ ხელისუფლებას, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა ძვირად დაუჯდა.
„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ზვიად გამსახურდია:
საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციური ცხოვრება 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, როცა ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია, უდიდესი უმრავლესობით აირჩიეს პრეზიდენტად.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მიიღო ხმათა 53,99% და მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში.
შედეგი: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სამოქალაქო ომით შეიცვალა.
„მოქალაქეთა კავშირი“, ედუარდ შევარდნაძე:
1995 წლიდან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო ახალი ხანგრძლივი ეტაპი, როდესაც ნებისმიერი შინაარსის არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა ორმა მთავარმა პარტიამ: „მოქალაქეთა კავშირმა“ და „აღორძინების კავშირმა“. უმრავლესობის პულტებს სწორედ ეს ორი პარტია ფლობდა – ხან ერთად, ხან კი ცალ-ცალკე. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირმა“ და „აღორძინების კავშირმა“ ერთიანი უმრავლესობა შექმნეს. 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ინიციატივას “აღორძინება” დაეუფლა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში შევარდნაძის პარტიამ რევანში აიღო, ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა და უმცირესობაში , ამჯერად , “აღორძინება” დატოვა.
შედეგი: „მოქალაქეთა კავშირი“ და მისი ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებას რევოლუციური გზით ჩამოაშორეს.
„ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი:
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ განიცადა სარეგისტრაციო ცვლილება, ძველი პარტია ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და ხელხლა დარეგისტრირდა. იმავე წლის გაზაფხულზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: „კონსერვატორებმა“ და „რესპუბლიკელებმა“. ამას ხელი არ შეუშლია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
შედეგი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება მომავალ მთავრობას არჩევნებში მძიმე დამარცხებით გადააბარა და პარტიის რამდენიმე ლიდერი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით პატიმრობაშია, ან იძებნება.
„ქართული ოცნება“, გიორგი კვირიკაშვილი (ან ბიძინა ივანიშვილი):
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას დიდი შანსი აქვს, პირველადი შედეგებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს… მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით.
შედეგი: ?
მანა ნოდია