„მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ – სიტყვა თქვენზეა“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან მოქალაქეებს მიმართა.
„ამ არჩევნებს გარკვეული თავისებურება ახასიათებს ჩვენი საარჩევნო სისტემიდან და პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსიდან გამომდინარე. ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება. ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები დამთავრდება, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით. ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა ხვალ საღამოს მდგომარეობით ყველაფერი ბოლომდე ცხადი არ იყოს – მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას – სახელმწიფოს, პარტიებს, მოსახლეობას გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისთვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტი აგრძელებს თავის უფლებამოსილებას იმ დღემდე, სანამ შეიკრიბება საქართველოს ახალარჩეული პარლამენტი. 8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ხვალინდელ არჩევნებს დამატებითი დატვირთვა აქვს, ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი აღმშენებლობის მიმართულებით.
„კიდევ ერთი – ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთვისაც. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება და საით წავა ეს ქვეყანა. ამიტომ დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს, ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი აღმშენებლობის მიმართულებით – ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს, ვინც მშენებლობას შეძლებს. გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი – ის, ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას, ქვეყნის დაშლას და ა.შ. მე მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ. სიტყვა თქვენზეა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.