საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში კვორუმისთვის საჭირო 6 მოსამართლის არყოფნა გახდა.
დღეს სასამართლოში მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი სავარაუდოდ არ მივიდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვის პროცესი დროებით შეჩერდა:
„ეს არასწორი იყო, განსაკუთრებით ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონოდათ დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინათ, თუ ვინ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონით მათ აქვთ უფლება მეტი დრო ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაასახელონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კარგია, რომ ზოგადად ეს პროცესი შეჩერდა. კიდევ ერთი წევრი უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოში პარლამენტის მხრიდან და ფორმისებულად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა მოხდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.