ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„პლუტონიუმის უტილიზაცია“: პუტინი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

 

„პლუტონიუმის ულტიმატუმი“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით შეაჩერა რუსეთ-ამერიკის შეთანხმება იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პუტინის მიერ 3 ოქტომბერს გამოცემულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვითარების მკვეთრი ცვლილების გამო, რომელიც „საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას“.

შეჩერებული შეთანხმების ამოქმედების ერთ-ერთ პირობად ვლადიმირ პუტინი ასახელებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნების შემცირებას ნატოს წევრ ევროკავშირის ქვეყნებში 2000 წლის დონემდე. რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს, ასევე, რუსეთისადმი მტრული პოლიტიკის შეცვლასა და „მაგნიტსკის კანონის“ გაუქმებას.

გამოცემის ცნობით, ქვეყნებს შორის ხელშეკრულება 2000 წელს დაიდო და მიზნად ისახავდა ჩამოწერილი ბირთვული იარაღიდან ამოღებული – ჯამში, 34 ტონა – პლუტონიუმის უტილიზაციას.

შეგახსენებთ, 2012 წელს აშშ-ში “მაგნიტსკის კანონი” მიიღეს. მიღებული კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში. სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს.

 

იტვირთბა....