„ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გამირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული სცენარი“- ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მანქანის აფეთქების ფაქტი.
აღნიშნული განცხადება ბესელიამ აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატ თარგამაძის ავტომობილის აფეთქება ისეთივე დადგმული სცენარი არ არის, როგორც მისი თქმით, ხურჩაში ავტობუსის აფეთქება იყო.
„ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გამირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული სცენარი. შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის თავისუფალი ზონის წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ასე შემდეგ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. მოდით გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში, ამ საქმის დადგენა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.