საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდება .
„მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს იმ შინაარსით, რაც არაერთხელ მითქვამს, თუმცა არ ვიცი რამდენად იზიარებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ასე ჰგონიათ მათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებაზე, განწირულია, რომ ეს ელემენტები მიაკითხავენ თავად ამ პოლიტიკოსებს და მათზე განახორციელებენ ანგარიშსწორებას. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იპოვონ ძალა და თავიანთ პარტიაში რეაგირება მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზებაზე, გაცხრილონ ეს ადამიანები მათი რიგებიდან მათივე ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბრძოლა კრიმინალის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის კრიმინალების შეტევა ნორმალურ დემოკრატიულ პროცესზე.” – განაცხადა მარგველაშვილმა.