ნიკა გვარამიას და ელისო კილაძის განცხადებას, რომ მათ შალვა რამიშვილი „ქართული ოცნებისა“ და „იმედის“ ერთ-ერთი მფლობელის, ირაკლი რუხაძის მაკომპრომიტირებელ მასალებს სთავაზობდათ, ჟურნალისტი „მეტრონომთან“ აბსურდს უწოდებს:
„ფაქტია, რომ დღეს გამოაშკარავდა სავარაუდოდ „რუსთავი 2“-ის მიერ გაყალბებული კვლევები. ამ ბატონისა და ქალბატონის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან სრული აბსურდია. მათ უნდათ მთავარი კონტექსტიდან ყურადღების გადატანა, მთავარი კონტექსტი კი „რუსთავი 2“-ის მიერ გაყალბებული კვლევებია“ – განუცხადა „მეტრონომს“ შალვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას განცხადებით, მასთან ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მივიდა და შესთავაზა „ქართულ ოცნებასა“ და ირაკლი რუხაძეზე მის ხელთ არსებული მასალები გაეშვა ეთერში, რაზეც გვარამიამ უარი უთხრა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამის შემდეგ რამიშვილმა მას „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე მიუგზავნა იგივე შეთავაზებით, რაზეც ასევე უარი თქვა.
„ქრონიკა +“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში დაადასტურა გვარამიას განცხადება.
დღეს შალვა რამიშვილის მიერ გამოაშკარავდა ორი დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ ამტკიცებს „რუსთავი 2“-ის მიერ წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებას.