“ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში უკრაინულ-კათოლიკურ ეკლესიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია და მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ის, რისიც ივანიშვილს ეშინია.
“როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვთ, ესე იგი ყველაფერი წაგებული აქვთ. გურიაშიც ძალიან მაგარი სიტუაციაა. გურიაში არანაკლები სიტუაციაა, ვიდრე სამეგრელოში. სამტრედიაში პრაქტიკულად პირველივე ტურში 50%-ზე მეტს მივიღებთ. ქუთაისს ძაან მყარად ვიგებთ.
ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია. რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოურთავ, შუქს ჩავურთავო. იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია და მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.