ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად და აუღელვებლად“: სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

 

„რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით“, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ის ამბობს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებენ მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად.

„ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა არჩევნებში კენჭს იყრის. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, უეჭველად და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. თუკი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იქნება არჩევნების შემდეგ. ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობის, ეს იქნება რევოლუციური განათლების რეფორმა. მართლაც, ამ რეფორმებს რევოლუციურად ჩვენ გავატარებთ. არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად და ივანიშვილი ვერაფერს არევს. ყველაფერი მიდის მისი გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ და შემდგომი საქართველოს განვითარებისკენ. ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებთ საქართველოში აღმშენებლობას, პროგრესს და განვითარებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

გარდა ამისა, სააკაშვილი საუბრობს „თავისუფალი ზონის“ გარშემო ატეხილ სკანდალზე, ასევე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე და იმასაც წერს, რომ „ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს“.

„მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის “დავერბოვკებული” წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის. ვერც 40-მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას , რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არცერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენ კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან“ – წერს სააკაშვილი facebook-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.

 

იტვირთბა....