„უნიჭო მონტაჟი“ – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული საუბრის ჩანაწერი.
„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად. მისი თქმით, „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მასში მონაწილე პირები არიან: მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი.
აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელ youtube-ზე აიტვირთა.