„ჩვენ ვნახეთ შეშინებული კაცის გამოსვლა, რომელმაც რეალურად იცის „ლეიბორისტული“ პარტიის რეიტინგები და კარგად მოეხსენება, რომ ჩვენ ჩავანაცვლებთ 8 ოქტომბერს მის კორუმპირებულ და ცრუ რეჟიმს, რომელმაც საზოგადოება მიიყვანა ნაგვის ბუნკერებთან“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ამ ბატონისგან გავიგეთ ახალი ლიტერატურული წიაღსვლები. ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა ბრძანა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილისაა და ივანიშვილმა პოლიკარპე კაკაბაძეს ჩამოართვა საავტორო უფლება. ოღონდ თვითონაც ვერ გაიგო, რომელი ჯავახიშვილი ჰყავდა მხედველობაში, ივანე, ჩვენი ისტორიის მამა თუ მიხეილი, კლასიკოსი მწერალი და ჩვენი სიამაყე. შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მან იცრუა ზომაზე ბევრად მეტი“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა.
მისი შეფასებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, რომელთა ანარეკლიც „რუსთავი 2“-ია:
„როგორ ადგენენ კადრებს? როგორ უნდა ისაუბრონ მათ სამართლიანობაზე. ეს უკვე თაღლითობაა, ეს მედია არ არის. ეს არის ყვარყვარიზმი. ნათელაშვილი და სააკაშვილი ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა, „რუსთავი 2“ კი – მათი ანარეკლი „ – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, შალვა ნათელაშვილს მხარს მხოლოდ 2 პროცენტი უჭერს.